თეა წულუკიანი - გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი - მათთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა - თუ აქვთ სურვილი კომისიაზე მობრძანდნენ, კარი ღიაა, ნუ დაელოდებიან მოწვევას

ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს, ვინც აწამებდნენ, ანადგურებდნენ, აზიანებდნენ ქვეყანას, არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება. მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა. ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას. გასაგებია, რომ ჩვენ რომ ვიბარებთ, იმალებიან, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის შესახებ. აღნიშნული თემის ფარგლებში სხდომაზე მიწვეულები იყვნენ მეცნიერები: ლია მელიქიშვილი, გიორგი გოგოლაშვილი და ავთანდილ არაბული. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მეცნიერების მიერ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაცია ზოგიერთის მიმართ გარკვეულ „ჟივილს“ გამოიწვევს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ საათში მხოლოდ მცირე დოზით მივიღეთ ინფორმაცია იმ დიდი უბედურებაზე, რომელიც უნივერსიტეტის, ზოგადად მეცნიერების, ქართველიზმის, თუ ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ დატრიალდა, ეს მცირე დოზით მოწოდებული ინფორმაციაც გამოიწვევს ზოგიერთ მაშინდელ, ამ ყველაფრის ავტორსა თუ მონაწილეს შორის გარკვეულ ჟივილს, ჟივჟივსა და ხმაურს, მაგრამ ის გვარები და სახელები, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, იქნებოდა ეს გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ლევან რამიშვილი, ნახსენები იყო ვინმე ავალიანი, რომელიც შემდეგ გუბერნატორად იქცა უცბად, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი, მთელი ეს „კმარა“ და არა მხოლოდ „კმარას“ ორგანიზაციის ხალხი. გიორგი ონიანი, რომელიც ისეთ პოლიციელად იქცა, რომელიც ჯერ თქვენ, ღვაწლმოსილ ადამიანებს გატერორებდათ და შემდგომ „ზონდერად“იყო ჩამოყალიბებული და მე რომ მაჟორიტარად ნაძალადევის რაიონში კენჭს ვიყრიდი, იქ დაგვდევდა, რომ ან ნარკოტიკი ჩაედო ან იარაღი. ისე დაასრულა თავისი საქმე, რომ ვერ ჩამოყალიბდა ჩემთვის ნარკოტიკი უნდა ჩაედო, თუ იარაღი და ეს დილემა მის ცხოვრებას მუდმივად თან გაჰყვება.

ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც შემდეგ უკვე დეპუტატად იქცა და რეფორმებს ბატონი პავლე კუბლაშვილის მოადგილეობიდან ახორციელებდა იურიდიულ კომიტეტში- ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს გვარ-სახელები ადამიანები არიან, მათ თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში. თუ იყო რამე შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი, ამაზე უნივერსიტეტი უარს არ ამბობდა და აქ საჭირო იყო პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი, მუშაობა, რაც გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შევარდი, გამოყარე და გაყარე. ეს გაცილებით უფრო მარტივი იყო სააკაშვილისთვის და ასეც იქცეოდა. ჩვენ ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს ვინც, აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, მათ არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება. ამიტომ, გვარ-სახელები მნიშვნელოვანია. ასევე, მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა. ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას. გასაგებია,რომ ჩვენ რომ ვიბარებთ, იმალებიან. ალბათ, მარტივია, რომ ქალ ან კაც მეცნიერს დაეტაკო და გამოაძევო რექტორის კაბინეტიდან, მაგრამ აქ მოსვლა, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო რთულია და მამაცობას საჭიროებს, მაგრამ ჩვენი კარი ღიაა. იმ გვარებს და სახელებს, ვინც ჩამოვთვალე, სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ თავად მობრძანდნენ. მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე ჩვენ მათ მოვუსმენთ, თუ უკვე ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან არ არის გაქცეული“, - განაცხადა წულუკიანმა.

მან, ასევე კომისიის სხდომის შემდგომ განრიგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისია მუშაობას 5 ივლისს დაასრულებს.

„ვინაიდან ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირა გვაქვს, 5 ივლისს დასრულდება კომისიის მუშაობა და კომისია რეალურად, 5 ივლისის შემდეგ აღარ იარსებებს. იარსებებს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული ეს სამუშო, საჯარო სხდომის ჩანაწერები დასკვნა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. აი, ამ პერიოდში, ჩვენი სხდომები გაიმართება კვირის განმავლობაში მხოლოდ ორშაბათობით და ოთხშაბათობით, დილის საათებში“, - განაცხადა წულუკიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება