თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს მოკლული 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომას 3 დაკავებული ესწრება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. ასევე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
გარდა ამისა, მოსამართლემ ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე ჰკითხა, ცნობენ თუ არა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ, რასთან დაკავშირებითაც ორმა ბრალდებულმა - ვერიკო კაპანაძემ და საბა რობაქიძემ მოსამართლეს განუცხადეს, რომ ისინი ბრალს აღიარებდნენ, თუმცა ერთმა ბრალდებულმა ლუკა გვენეტაძემ დუმილის უფლება გამოიყენა.
ბრალდების მხარის, პროკურორ ლევან ვეფხვაძის შესავალი სიტყვის დაწყებამდე, მას მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ჰკითხა, ხომ არ მიმდინარეობს რაიმე საპროცესო გარიგება ბრალდებულებთან, რაზეც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ „არ მიმდინარეობს საპროცესო გარიგება და არც წარიმართება“.
ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით მოკლულის მეგობრები არიან დაკავებული, რომლებიც ასევე მისი თანამშრომლები იყვნენ.
ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გსეინოვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ბაირამ ალი გსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"