ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - როდესაც მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ მზად არიან, ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ, ცუდი არაფერია, თუმცა, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ

ბოლო დროს საქართველოდან სრულიად ახალ რიტორიკას ვისმენთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად მინისტრები, აცხადებენ, რომ მზად არიან ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ და მეზობელ ქვეყნებთან, აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობები გააუმჯობესონ, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ცარიელ განცხადებებად არ დარჩეს, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ. მაგალითად, ასეთი ნაბიჯი შეიძლება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება იყოს. ეს არის პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ბარციცმა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს, თუმცა მოლაპარაკებების სხვა ქვეყენაში გადატანაც განიხილება.

„ჩვენ რუსი კოლეგების მხარდაჭერით ჟენევის ფორმატში მონაწილეობას გავაგრძელებთ. ეს ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ჩვენი თვალსაზრისის გამოხატვა და გარკვეული ქმედებების მოთხოვნა შეგვიძლია. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, საჭიროა და დღეს ერთადერთია. ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ შვეიცარიის მიდგომა ხშირად ცალმხრივი და მიკერძოებულია. შესაძლებელია, ისეთ ქვეყანაში გადავიტანოთ, რომელიც ობიექტური იქნება“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბარციცის განცხადებით, მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი სახელმწიფოებიც „აღიარებენ“.

„აღიარებები იქნება. რუსი კოლეგების დახმარებით ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ დრო ჩვენს მხარეს არის. ჩვენ სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებიდან სიგნალებს ვიღებთ, რომ ჩვენთან დიალოგის ინტერესი არსებობს“, - განაცხადა ბარციცმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს