საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ კონსულტაციები გავიაროთ ვინმესთან, რათა ვიცოდეთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და როგორი ტიპის საგარეო უწყება გვჭირდება, რომ ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები საგარეო ასპარეზზე,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რეორგანიზაცია არის ის პროცესი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი საგარეო უწყების გაძლიერებას, „შესაბამისად, ყველანაირი კრიტიკა ამ პროცესთან დაკავშირებით უადგილოა“.
„ცვლილებების მიზანი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყოს უფრო ეფექტიანი და ამ ცვალებად სამყაროში უფრო კარგად შევძლოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების წარმოჩენა და დაცვა საზღვარგარეთ. ამისთვის გვჭირდება ეფექტიანი აპარატი, რომელიც იქნება ადგილზე, თბილისში და საელჩოები, რომლებიც დედაქალაქებში იმუშავებენ. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება არსებული რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენება და რა თქმა უნდა, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ახალგაზრდა თაობას მისცემს კარგ შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან გარემოში შემოვიდნენ სახელმწიფოს სამსახურში და ემსახურონ საკუთარ სამშობლოს“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
გარდა ამისა, ბოჭორიშვილმა ისაუბრა მთავრობის მიერ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურის წარდგენაზეც და აღნიშნა, რომ ის წარმატებული ელჩი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ელჩი ქვეყანას კონკრეტულ ქვეყანაში წარმოადგენს და ამ შემთხვევაში აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული ელჩი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ აშშ-სგან აგრემანი 4 ივნისს მიიღო, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ უმოკლეს დროში ჩავიდეს ელჩი ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე.
„ელჩის წარგზავნა, დანიშვნა ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. დასრულდა პროცესი, რომელიც თამარ ტალიაშვილის დანიშვნას უკავშირდებოდა. ჩვენ 4 ივნისს საბოლოოდ მივიღეთ აგრემანი ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს დროში ელჩი ვაშინგტონში ჩავიდეს და დაიწყოს მუშაობა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის მხრიდან აგრემანის გაცემაც ასევე, ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან ჩვენ მიერ წარდგენილი და შეთავაზებული კანდიდატი მათთვის მისაღები იყო და დადასტურდა. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ კარგი მომენტი იმისთვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შევხედოთ ახალი თვალით, ახალი ფურცლიდან“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.