საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის - „ERASMUS+“ - ფარგლებში, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე და ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე ევროპის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად, სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის გაფართოების მიმართულებით საკვანძო საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, „ERASMUS+“-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროფესორები: ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან (პორტუგალია) პრეზიდენტი მარია ფატიმა კარვალიო, პროექტის კოორდინატორი მარია კრისტინა პალმა, კარლოს რიბეირუ და ჟორჟე ტავარესი, ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (პოლონეთი) ანა ვიტეკ კროვიაკი, გაზის უნივერსიტეტიდან (თურქეთი) საფეთ აიასუნი და მუსლუმ ჩენგიზ ტაპლამაჩიოღლუ.
შეხვედრას სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიესალმა სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე. მან პორტუგალიის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და წარმომადგენლებს პორტუგალიის ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
ზურაბ გუდავაძემ ევროპელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლო წლების სამეცნიერო-აკადემიური მიღწევების, საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის გაფართოება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.
ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტთან, ვროცლავის ტექნოლოგიურ და თურქეთის გაზის უნივერსიტეტებთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. თამარ ლომინაძის თქმით, „ERASMUS+“-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშია დაგეგმილი, 12 ივნისიდან იტალიის პალერმოს უნივერსიტეტის პროფესორები - სიმონა სანსერი, სიმონა პალმერი და კოსტანცა კონტიც შეუერთდებიან.
„მინდა ჩვენს კოლეგებს ევროპის უნივერსიტეტებიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადავცე და მისი სახელით, წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფება ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი მარია ფატიმა კარვალიო, რომელიც აღიარებული მეცნიერია. ამ უნივერსიტეტთან, ძირითადად, აგრარული და ბიზნესის მიმართულებებით ვთანამშრომლობთ. ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჩვენი აქტიური პარტნიორია, ძირითადად საინჟინრო მიმართულებით. თურქეთის გაზის უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს - თურქი კოლეგები აქტიურად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ატარებენ ლექციებს, ესწრებიან ჩვენ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულებს. აღსანიშნავია, რომ კვირის ბოლოს პალერმოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც შემოგვიერთდებიან. პალერმოს უნივერსიტეტთან უკვე სამი წელია, ხორციელდება ერთობლივი პროექტი 60 მონაწილის ჩართულობით. სამუშაო შეხვედრები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტში „ERASMUS+“-ის ფარგლებში ჩატარდება, მნიშვნელოვანია აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავების, ასევე, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებისთვის. სწორედ ჩვენს კოლეგებთან ერთად, გამოცდილების გაზიარებით, დისკუსიებითა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავებით, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი პარტნიორობა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას გააძლიერებს. ეს კი ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს ჩვენი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, ჩაატარებენ საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის, ასევე, პრეზენტაციის სახით, მათ თავიანთ უნივერსიტეტებს წარუდგენენ, გარდა ამისა, გაეცნობიან სტუ-ის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიულ ბაზებს და მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"