სახალხო დამცველის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში პრივილეგირებული პატიმრების - ე.წ. მაყურებლების მიერ პენიტენციური დაწესებულებების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა კვლავ გამოწვევად რჩება

სახალხო დამცველის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ გამოწვევად რჩება პრივილეგირებული პატიმრების - ე.წ. მაყურებლების მიერ პენიტენციური დაწესებულებების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა.

ციხეებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის შემთხვევებზე ლევან იოსელიანი პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში წერს. სახალხო დამცველმა ამის თაობაზე პარლამენტის ტრიბუნიდანაც ისაუბრა.

იოსელიანის თქმით, ციხეებში არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები იდენტიფიცირებულია პატიმრებთან ინტერვიუებით და ყველა ასეთი შემთხვევაზე გამოძიების დაწყების მიზნით შესაბამისს უწყებებს მიმართეს. სახალხო დამცველმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთი ასეთი ფაქტი მოგონილი და “ყურით მოთრეული პრობლემა“ არ არის.

სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და ხშირად, პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრასაც იწვევს.

“პრივილეგირებული პატიმრების მიერ პენიტენციური დაწესებულებების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა ხშირად პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება.

საგულისხმოა, რომ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს მუდმივად თან დაჰყვებოდნენ კონკრეტული პატიმრები, რაც სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, მოესმინათ ჯგუფის წევრების მიერ სხვა პატიმრებისთვის დასმული კითხვების შინაარსი და გაცემული პასუხები, მეორე მხრივ კი, თავიანთი იქ ყოფნით პატიმრებზე გავლენა მოეხდინათ, რათა მათ თავი შეეკავებინათ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან.

აღსანიშნავია, რომ №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში პრივილეგირებული პატიმრების მიერ დაწესებულების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა დაადასტურეს სხვადასხვა დაწესებულებებში მყოფმა იმ პატიმრებმა, რომლებსაც 2024 წლის განმავლობაში მოუწიათ ზემოაღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნა.

ნიშანდობლივია, რომ №17 და №14 პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების არაფორმალური იერარქიის აშკარა ნიშნების არსებობაზე 2023 წლის ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ ანგარიშში საუბრობს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტიც.

საგულისხმოა, რომ არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირების ფაქტზე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც უთითებდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მაისში, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ad hoc ვიზიტით საქართველოს სპეციალურად ეწვია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესამოწმებლად. შემოწმების შედეგად 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა საგანგებოდ მიუთითა იერარქიის მაღალ და დაბალ საფეხურზე მდგომი პატიმრებისათვის განსხვავებული საცხოვრებელი პირობების, ე.წ. “საერთოს“ შეგროვებისა და პატიმართა გაჩუმების პრაქტიკაზე, ასევე, მოჩვენებით წესრიგზე.

ამავე ანგარიშში კომიტეტმა აღნიშნა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მენეჯმენტსა და იერარქიის წარმომადგენელ პატიმრებს შორის არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, რომ პატიმრებს შორის ნებისმიერი კონფლიქტი თავდაპირველად არაფორმალურად, ადმინისტრაციის ფორმალურად გაუფრთხილებლად უნდა მოგვარებულიყო“, - ვკითხულობთ ლევან იოსელიანის ანგარიშში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო