პარლამენტი, 11 ივნისს, ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს მოისმენს. ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს.
დოკუმენტი უკვე განიხილა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, სადაც წლიური ანგარიშით თურნავა გამოვიდა. კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
თურნავას ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად, 2024 წელს ინფლაცია სტაბილურად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იყო და საშუალოდ 1.1% შეადგინა, საბაზო ინფლაციამ კი - 1.6 %.
როგორც თურნავამ საკომიტეტო მოსმენისას აღნიშნა, 2024 წელს ეკონომიკურ აქტივობაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ შეიტანა, რამაც ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა.
დამატებით, 2024 წელს ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება და ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნება, დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო.
თურნავას თქმით, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე საკრედიტო აქტივობა დაჩქარდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას ასტიმულირებდა.
მისივე განცხადებით, ძლიერ მოთხოვნასთან ერთად, ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა და შედეგად, 2024 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 9.4% შეადგინა.
თურნავას ინფორმაციით, საგარეო მოთხოვნა გარკვეულწილად დადებითად ისახებოდა ეკონომიკურ აქტივობაზე.
კერძოდ, წლის პირველ ნახევარში, გლობალური მოთხოვნის სისუსტის ფონზე, ექსპორტიც შედარებით სუსტი იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მაღალი ტემპით გაიზარდა.
ამავდროულად, ბოლო წლებში, საქართველოს, როგორც "შუა დერეფნის" როლი გაიზარდა, რამაც გაააქტიურა საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები და ტრანსპორტირების სექტორს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა.
ასევე, წინა პერიოდებში კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გაზრდილი დონე, პროცენტულად მშპ-თან 2024 წელსაც გაზრდილ დონეზე შენარჩუნდა.
2024 წელს 7.3%-ით გაიზარდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები.
ამ ფაქტორების შედეგად, 2024 წლის განმავლობაშიც მაღალ დონეზე შენარჩუნდა მომსახურების ექსპორტის წილი მშპ-ში, რამაც წინა წელთან შედარებით მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 4.4% შეადგინა.
მისი დაფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო კი, წინა წლების მსგავსად, კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო.
როგორც თურნავამ კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 4.4 მლრდ აშშ დოლარი იყო. 2024 წლის დასაწყისში ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სავალუტო ინტერვენციების გზით საერთაშორისო რეზერვების შევსება ხორციელდებოდა. წლის მეორე ნახევარში კი, ბაზარზე არსებული ერთჯერადი ჭარბი მერყეობების გასანეიტრალებლად, საჭირო გახდა სავალუტო ინტერვენციების საშუალებით ბაზრისთვის უცხოური ვალუტის მიწოდება.
თურნავას ინფორმაციით, 2024 წლის მეორე ნახევარში მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, რაც გაცვლით კურსს აყალიბებს, ძლიერი იყო, თუმცა გაურკვევლობის ფონზე, სავალუტო ბაზარზე ფუნდამენტური ფაქტორებისაგან განსხვავებული მოლოდინი ჩამოყალიბდა და ჭარბი მერყეობა წარმოქმნა.
მისივე განმარტებით, ამ ფაქტორებს გაცვლით კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ჰქონდა და წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება კვლავ განაახლა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ჯამურად 2024 წელს, ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვები, მთლიანობაში 434.75 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის დეკემბრიდან კომერციული ბანკების მიერ მოზიდული უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დასაცავი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რამაც წლის ბოლოს რეზერვებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში განხორციელდა საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება: ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, დაახლოებით 99 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. როგორც ნათელა თურნავამ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, 2024 წლის 31 დეკემბრისთვის საბანკო სისტემის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 62.5 მილიარდ ლარს მიაღწია და მისი წლიური ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 17.1 % იყო.
წლის მანძილზე გაიზარდა კორპორაციული სეგმენტის წილი, ხოლო მიკრო და მცირე და საშუალო სეგმენტების წილი მთლიან პორტფელში შემცირდა.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს, ეკონომიკურად მოწყვლადი სექტორების, როგორიცაა: უძრავი ქონების დეველოპმენტი, უძრავი ქონების მენეჯმენტი, სასტუმროები და ტურიზმი, რესტორნები, კვების ობიექტები, ავტოდილერები, ჯამურმა წილმა პორტფელში 18.2 % შეადგინა.
თურნავას ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში წლიური საშუალო ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაუფასურდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო მოკლევადიანი ფაქტორებით.
წლის განმავლობაში ბანკები სტაბილური სავალუტო პოზიციებით განაგრძობდნენ საქმიანობას და შესაბამისობაში იყვნენ ყველა ვალუტის საერთო კრებსითი პოზიციის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 20%-იან ლიმიტთან.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს საბანკო სისტემაში დოლარიზაცია კვლავ მაღალია, რის შედეგადაც, სავალუტო რისკის ფაქტორი ქართული ბანკებისთვის კვლავ მნიშვნელოვანი რჩება. თურნავას თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზედამხედველო მუშაობას სავალუტო რისკის მართვის არსებული მიდგომების სრულყოფის მიმართულებით. მისივე განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში გაზრდილი საკრედიტო აქტივობის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც წმინდა საპროცენტო შემოსავლები, ასევე, გაზრდილია ბანკების საოპერაციო ეფექტიანობა.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არასაბანკო საფინანსო სექტორი წარმოდგენილია 31 მიკროსაფინანსო ორგანიზაციით 418 ლოკაციაზე, 158 სესხის გამცემი სუბიექტით 296 ლოკაციაზე, 505 ვალუტის გადამცვლელი პუნქტით 713 ლოკაციაზე და 1 საკრედიტო კავშირით.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"