„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, იურისტი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ბათუმელმა მედროშემ საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, თუ ის ქვეყნიდან იძულებით გააძევეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე გუშინ ღამით თურქეთში სასწრაფო წესით გადაიყვანეს. ჯერ ჩვენ არ ვიცით ეს იყო ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვება, რისი უფლებაც თემურს ჰქონდა, თუ იძულებითი გაძევება. ამას მალე გავიგებთ მიგრაციის დეპარტამენტთან ოფიციალური კომუნიკაციის შემდეგ. სწორედ გუშინ 00:00 საათზე გადიოდა მისთვის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და ამიტომ არ არის ცხადი, ბოლო წუთებში რა მექანიზმით მოხდა მისი გადაყვანა.
ჩვენ მისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების დროებითი ღონისძიებების გამოყენებით ვცდილობდით და ჯერ კიდევ კომუნიკაციაში ვიყავით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ამ საქმეზე, როცა გადაყვანა ასე სწრაფად მოხდა. თურქეთში მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მაშინვე, როგორც კი დეტალებს გავიგებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მისი უფლებების დასაცავად ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოებში.
სამწუხაროდ, საერთაშორისო მექანიზმები ასეთი მყისიერი სიტუაციების მიმართ საკმარისად მოქნილი არ არის და ამაზე ცალკე პროფესიულად დავწერ.
რუსეთის იმპერიამ აიძულა გადასახლება თემურის წინაპრებს, „ქართულმა ოცნებამ“ კი მუჰაჯირების მეოთხე შთამომავალს იგივე განაჩენი გამოუტანა - ვერ გახდები მოქალაქე, არ იმსახურებ აქ ცხოვრებასო და კოლონიური ტრავმა გაუმეორა. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს”, - წერს თამთა მიქელაძე.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"