„ქართული ოცნების” მთავარი ამოცანაა, ვინმეს საკენკი დაუყაროს, ზოგს კეთილი სიტყვით, ზოგს მუქარით, ზოგს სხვანაირად მოპყრობით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბრძოლაში შეიყვანოს - ჩვენ გარეშე როგორ უნდა გამოგლიჯონ თბილისი [„ქართულ ოცნებას“], როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე, ძირითად ოლქებში ჩვენი რეიტინგი 16% იყო? - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იყო ოპოზიციიდან ორი პარტია, რომლებმაც რეგიონებში „დიდი ხმები მიიღო“.
„ქართული ოცნების” მთავარი ამოცანაა, ვინმეს საკენკი დაუყაროს, ზოგს კეთილი სიტყვით, ზოგს მუქარით, ზოგს სხვანაირად მოპყრობით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბრძოლაში შეიყვანოს. ამ ბრძოლაში ჩვენ გარეშე, როგორ უნდა მოიგოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, როდესაც ჩვენი რეიტინგი არჩევნებზე, ძირითად ოლქებში 16% იყო და ახლა, თბილისის რეიტინგი 18-20%-ამდეა. როგორ უნდა შეძლოს რომელიმე მათგანმა თბილისის გამოგლეჯა, ან როგორ უნდა შეძლოს მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ჩვენ გარეშე, პირობითად ვამბობ, მცირე მოსახლეობით დასახლებული მუნიციპალიტეტების მოგება, სადაც ოპოზიციიდან ძირითად ნაწილში ორმა პარტიამ მიიღო დიდი ხმები - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,- განაცხადა თევზაძემ.
რაც შეეხება „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თევზაძის თქმით, „თუ გახარიას პარტიას უნდა, რომ ოპოზიცია გახდნენ, „ქართული ოცნება“ მენტალურად უნდა დატოვონ“.
„გახარიას პარტიამ, უბრალოდ, მენტალურად უნდა დატოვოს „ქართული ოცნება“. რუსული, ავტორიტარული, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა უნდა დატოვონ თუ ოპოზიცია უნდა გახდნენ. კალანდარიშვილზე ერთი თვის წინ ამბობდე, რომ გამყალბებელია, კრიმინალია და დანაშაული ჩაიდინაო, ერთი თვის შემდეგ კი, მის მიერ ჩატარებულ და ორგანიზებულ არჩევნებში შეხვიდე... თანმიმდევრული უნდა იყო... „ოცნება“ უნდა დატოვონ, ისინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ ოპოზიციაში არიან. „ქართული ოცნება“ უნდა დატოვონ, თუ არადა დაემართებათ ის, რაც საგამოძიებო კომისიაზე დაემართათ“,- განაცხადა თევზაძემ.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ არ სურს, „ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადააბაროს“, აღნიშნულის საპასუხოდ თევზაძემ დასძინა: „თუ ვინმე ებრძოდა კალაძეს და თუ ვინმე პირდაპირ თბილისის მერობის ბრძოლაში 2014 წელს სისხლი გაუშრო „ქართულ ოცნებას“, ეს იყო მათი პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია“.
„მზად ვართ არგუმენტირებულად დავსხდეთ. მოიწვიეთ, მზად ვართ, ვესაუბროთ არგუმენტირებულად, ვესაუბროთ ჩვენს როლზე, მაგრამ უნდა ახსნან, რატომ იყო ეს ორი თვის წინ სუს-ის შემოგდებული საკითხი [დისკუსია] და რატომ არის ახლა ეს, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, ღვთისგან ბოძებული შანსი. ეს უნდა გაირკვეს“,- განაცხადა თევზაძემ.
რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს, რომელიც 13 ივნისს უნდა გაიმართოს, თევზაძემ აღნიშნა, რომ „დაკავების და დაპატიმრების არავის ეშინია“.
„7 ივნისს ამოეწურა ნიკა გვარამიას გირაოს გადახდის ვადა. მას ნათქვამი ჰქონდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, როგორც კოალიციის სხვა ლიდერებმა - ნიკა მელიამ და ზურა ჯაფარიძემ. პროკურატურამ, ფაქტობრივად, გააკეთა განცხადება, რომ 13-მდე ის არ აპირებს ნიკა გვარამიას დაკავებას. ვიცით, ხომ როგორ გაიტაცეს ნიკა მელია ერთი დღით ადრე. დღემდე არ ვიცით, რატომ ან რისთვის აღუკვეთეს თავისუფლება ერთი დღით ადრე ნიკა მელიას, როდესაც სრულად უკანონოდ, ადამიანის უფლებების დარღვევით გაიტაცეს პოლიტიკური ლიდერი. რა იყო ამის მიზეზი, დღესაც არ აქვთ ადვოკატებს ოქმი.
დაკავების და დაპატიმრების არავის ეშინია, ვინაიდან ე.წ. საგამოძიებო კომისია და ის ფარსი, რასაც წულუკიანი არალეგიტიმურ პარლამენტთან ერთად აკეთებს, ორი იდეით და ორი პრინციპითაა არაკონსტიტუციური. ერთი, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი. ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ არის, არადა უფრო მეტი უნდა იყოს. მეორე, საგამოძიებო კომისია კონკრეტულ ფაქტებს იძიებს და არა 21-ე საუკუნეს. წულუკიანი უახლოესი ისტორიის გამოკვლევითა და ჭორაობით არის დაკავებული. საბოლოოდ, ეს ადამიანები თვითონ მოხვდებიან საგამოძიებო კომისიაში დაკითხვის ნაწილში, ვინაიდან სამართლიანი საგამოძიებო კომისიის და ლეგიტიმური პარლამენტის პირობებში, მათ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ. მაგალითად, რატომ ცდილობენ, საქართველოს დააბრალონ ომი? ამისკენ რატომ არიან მოწოდებულები, ან რატომ ცდილობენ, რომ ოპოზიციის ლიდერები გამოგონილი ბრალდებით დააკავონ“, - აღნიშნა თევზაძემ.
მისივე თქმით, „4 ოპოზიციური ლიდერის დაკავება „ქართულ ოცნებისთვის“ არის ბევრი, რომელიც ამისთვის, ერთი მხრივ, პოლიტიკურ, მეორე მხრივ კი, სისხლის სამართლებრივ ფასს გადაიხდის“.