„რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციებზე, სამოქალაქო პროტესტის საჯაროდ გამოხატვის გამო დაკავებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, თუმცა ფაქტი ოპოზიციის წინააღმდეგობას ვერ აჩერებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას და არჩეული გეზიდან გადახვევას არ აპირებს“ - ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, სადამდე მიგვიყვანს ეს ვითარება, შესაძლოა, თუ არა მმართველი ძალისა და მათი ოპონენტების დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპრომისის მიღწევა? - ამ კითხვებზე მოსაზრებებს პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ წევრი სოფიო ხორგუანი გაგვაცნობს.
- როგორ ფიქრობთ, რა გზით შეიძლება არსებული პოლიტიკური დაძაბულობა განეიტრალდეს და არათუ პოლიტიკური სპექტრის, ქართული საზოგადოების პოლარიზაციაც საბოლოოდ დასრულდეს?
- დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისსაც გადავლახავთ და აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც რომელიმე ხელისუფლება 30 წელი გამოეკიდება. არც ამის ეკონომიკა გვაქვს, არც ტრადიცია. რა იქნება მერე? მერე როგორ ქვეყანას ვაშენებთ, ესენი როცა წავლენ? კოალიციური მმართველობა გვჭირდება. როდესაც ერთი ძალის ხელში ხდება ძალაუფლების კონცენტრაცია, მივდივართ იმ აბსურდამდე, როგორშიც დღეს ვართ. სწორედ ამიტომ მაქვს ეს კითხვა, მერე როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ? ჩვენ ვამბობთ ქართული სახელმწიფოს, ეს პირდაპირ ნიშნავს ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენ პირველი ევროპელები ვართ და ყველა იმ პროგრესულ იდეას, რომელიც ევროპაში ღვივდებოდა, თუ არ ვუსწრებდით, ფეხდაფეხ მივდევდით. გურიაში ჯერ კიდევ როდის იღებდნენ ქალები არჩევნებში მონაწილეობას? 170 წლის წინ ილია ჭავჭავაძე თარგმნიდა იმ ნააზრევებს, რასაც ევროპული პრესა წერდა. ეს ჩვენი ადგილია, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენი მახასიათებლებით, რაც კავკასიამ მოგვცა. ჩვენი ქართული ეროვნული სახელმწიფო როგორიც უნდა იყოს, ამაზე ჩამოყალიბებულები ვართ. ფულის და სიმდიდრის ისეთი ფეტიში, რასაც ახლა ვხედავთ, არც ქართულია და არც ქრისტიანული. ჩვენი ეკლესიები, ჩვენი კულტურა, ყოველთვის იყო დახვეწილი, მოკრძალებული. საქართველოში ოქროს მოვიპოვებდით, თუმცა წინაპრებს არასოდეს არ ჰქონიათ სიმდიდრის დემონსტრირების სურვილი. განათლების ზედმეტად დემონსტრირებაც კი სირცხვილად ითვლებოდა, საკუთარი განათლების ხაზგასმაც. ზომიერება, მოკრძალებულობა, მეორე ადამიანზე ზრუნვა და სიკეთის განაწილება, ეს არის ევროპა. ჩვენ ბუნებრივად ვართ ევროპელები. სახელმწიფო, სადაც ადამიანი და გარემო იქნება დაცული და ყველა სისტემა ისე იმუშავებს, რომ სახელმწიფო იყოს ხილული, ადამიანზე მზრუნველი და რომ ყოველდღიურად ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდეს. ევროპული დემოკრატიაც არ არის სრულყოფილი, მაგრამ მუდმივად ცდილობენ დახვეწას, ერთ ადგილას არ დგანან და მოძრაობენ.
- დღეს, როცა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი მარგინალიზებულია, იქნება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამოსავალი?
- კრიზისი შეიქმნა არა არჩევნების შედეგების გამო, არამედ როგორც ჩატარდა ის. შეიძლება, სამართლიან გარემოში სულაც ნაკლები ხმა ამეღო, მაგრამ მეცოდინებოდა, რომ ეს რეალური პროცენტია. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ შემდეგმა არჩევნებმა სამართლიანობის მინიმალური სტანდარტი მაინც დააკმაყოფილოს და ეს არსებულ რთულ ვითარებას განმუხტავს.
- რამდენად რეალურია დღევანდელ ვითარებაში სამართლიანი გარემოს მინიმალური სტანდარტის მოლოდინი?
- რა თქმა უნდა, შიშები არსებობს, რომ ხელისუფლება არაფერს დათმობს. საზოგადოებაშიც მომისმენია ეს აზრი, რადგან “ქართული ოცნების” წევრებს ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი, იმდენი მოიპარეს, ცუდი აკეთეს. ამიტომ არის მათი მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამისთვის რესურსი სჭირდებათ, ეს რესურსი კი აღარ აქვს. ნებისმიერ ხელისუფლებას, ავტოკრატიულსაც კი, ლეგიტიმაცია სჭირდება. ამბობდნენ, ტრამპი მოვა და დავლაგდებითო. მოვიდა ტრამპი, გავიდა დრო, სენატი ორპარტიულ გადაწყვეტილებას იღებს “მეგობარი აქტით” და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება.
ეს არ არის ის მოცემულობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გაუმკლავდება. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს ბელორუსიის ეკონომიკა, ნიორიც კი შემოგვაქვს საქართველოში. არაფერს ჩვენთვის სამყოფს არ ვაწარმოებთ. ღვინის ქვეყანას ბოთლიც და ბოთლის საცობიც გარედან შემოგვაქვს. ამ დროს ვრცელდება ინფორმაცია, არც ოცნება უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფული ლეგალურად განთავსებული აღარ ჩანს, გადამალა, გადააფორმა. მისი გარემოცვისთვის ეს განგაშის ზარია. ჩვენ უკვე ვნახეთ სანქცირებულთა შთამბეჭდავი სია. ვიცით, რომ ევროსტრუქტურებს აწუხებენ, თავი რომ დაიძვრინონ. რესურსი, რაც შეიძლებოდა არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალადობითა და პროპაგანდით მოეპოვებინა, ამოწურულია.
- საკუთარი თავის გადასარჩენად, ხომ არ არის მოსალოდნელი ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული პირები გაწიროს?
- ანტურაჟი რომ შემოეცლება, ეს არის მოცემულობა. არ ვგულისხმობ, ზარქუას, კობახიძეს და წილოსანს, იქ არის ხალხი, რომლებმაც ქონება ბიძინა ივანიშვილამდე შექმნეს. კარის ბიზნესმენების უმრავლესობამ სამ ხელისუფლებას გაუძლო, ვანო ჩხარტიშვილმა სამი ხელისუფლება გამოიცვალა და ახლა თავში რომ მოხვდა, არ იქნება კმაყოფილი და დარწმუნებული ვარ, ისიც ქონების გადაფორმებებით არის დაკავებული. ეს ანტურაჟი არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩადგეს და ეს არ არის ის ხალხი, ვინც მმართველ პარტიას შეეწირება. მათ ფული აერთიანებთ და თუ ეს ფული საფრთხის ქვეშ დადგება, ეს იქნება დამოკლეს მახვილი.
- შესაძლოა თუ არა, დადგეს ის მომენტი, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება კრიზისზე სალაპარაკოდ მაგიდასთან ერთად დასხდნენ?
- მომლაპარაკებლის როლში ვყოფილვარ და არსებობს ასეთი სტრატეგია - მოითხოვე მაქსიმუმი, რომ მიიღო მინიმუმი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. თუნდაც ინსტინქტის დონეზე, ნებისმიერი ჩვენგანი გრძნობს, რომ ჩვენ არ გვჭირდება სისხლიანი რევოლუცია ამ ქვეყანაში. ამ ტვირთის ტარება ბიძინა ივანიშვილსაც არ შეუძლია. ცემა და ძალადობა ვნახეთ, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებიც პრაგმატულად უდგებიან საკითხს. მთელს ქვეყანაში, ნებისმიერ მხარეს, ამ ტვირთის ტარების მსურველი ცოტაა. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მოკლე სოციალური კავშირებით, ეს ძალიან რთული ამბავია, ამიტომ მოლაპარაკებები შედგება, ეს არ იქნება იოლი და არც სასიამოვნო პროცესი. ისეთი სიბინძურეები ტივტივებს და ისეთი ზღვარგადასული ბრალი წაგვიყენეს, როგორ შეიძლება ჩემთვის სასიამოვნო იყოს მამუკა მდინარაძესთან ლაპარაკი, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. როდესაც ვამბობ, რომ მე აფხაზებთან ერთად უნდა ვიცხოვრო აფხაზეთში, შეიძლება ეს ძალიან მძიმე იყოს, რადგან ჩემს მეზობლად იცხოვრებს ადამიანი, რომელმაც ბავშვობის მეგობარი მომიკლა. თუმცა ეს სჭირდება ჩემს ქვეყანას და ჩემი ქვეყნის უკეთეს მომავალს.
ეს მოლაპარაკება თუ შედგება, მეორე მხარეს იქნებიან ადამიანები, რომლის დანახვაც არ გინდა. თავად არ მიიჩნევს კობახიძე თავს ჩემს პრემიერად და მერე უკვირთ, რატომ არ არიან ლეგიტიმურები. არადა თავადვე ამბობს, რომ ჩემი პრემიერი არ არის. ბიძინა ივანიშვილმა ხომ გვითხრა არჩევნების წინ, ციხეში ჩაგსვამთ, ამისთვის მომზადებული მაქვს ყველაფერიო? რაც უფრო მალე შედგება შეთანხმება, მათთვისვე იქნება უკეთესი; პასუხისმგებლობა მათზეა. ძალის გამოყენების პრივილეგია აქვს მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფს, მე ვერ დამაკისრებენ მათთან თანაბარ პასუხისმგებლობას, ამიტომ მათთვისვე არის გამოსავალი ასეთი მოლაპარაკებები და თავად უნდა გვეხვეწებოდნენ, მოდით, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთო.
მოლაპარაკების თემა უნდა იყოს სამართლიანი გარემო ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც მოდის. შეიძლება ორივე ერთად ჩატარდეს, თვითმმართველობის და საპარლამენტო. ხშირად ლაპარაკობენ მძევლების გათავისუფლებასა და სამართლიან გარემოზე. მძევლების გათავისუფლება არ შეიძლება იყოს მოლაპარაკების თემა, ეს არის თემა, რომელიც არ უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდეგ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვილაპარაკოთ, როგორ მივიღოთ არჩევნებზე მინიმალური სტანდარტი. შეუძლებელია ორ თვეში სასამართლო შეცვალო, მინიმალურ სტანდარტზე ამიტომ ვლაპარაკობ.
- თუ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წამოვიდა?
- ბრძოლა ისევ გაგრძელდება, წნეხი უნდა გაძლიერდეს, რომ ვაიძულოთ. არ უნდათ ნებითა მათითა და ამიტომ იქნება ძალითა ჩვენითა. ძალაში ვგულისხმობ, ხალხის ძალას. ასევე, დასავლეთის მძლავრ მხარდაჭერას, ევროპის დღეზე ელჩმა ქართულ ენაზე გამოაცხადა, ევროპის კარი ჩვენთვის ღიაა და ერთადერთი, ვინც ამას ხელს უშლის, “ქართული ოცნებაა”. ევროპის დღის წესრიგში ვრჩებით. ვიღაცას შეიძლება ეფიქრა, თუ დასავლეთი სხვა ავტოკრატებს ელაპარაკება, ჩვენც დაგველაპარაკებიან. აქ შეეშალა ბიძინა ივანიშვილს, იფიქრა, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც დამელაპარაკებიან, ოღონდ უნდა მიმიღონ ისეთი, როგორიც ვარ. თუმცა მან პარტნიორები იმდენჯერ მოატყუა და ის ზღვარიც გადალახა, რომლის მიღმაც არ გელაპარაკებიან, საკუთარი რესურსი გადააფასა და გადაჭარბებულად შეაფასა თავისი შესაძლებლობები. „კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო“ და ახლა ის ძალიან დამძიმებული მიდის მოლაპარაკების მაგიდასთან.
- რამდენად რეალურია, ბიძინა ივანიშვილმა დაითხოვოს არსებული გუნდი და მოიყვანოს ახალი ფიგურები?
- ეს ფანდი აღარ იმუშავებს, უფრო შესაძლებელია, თქვას, ძალიან ნუ გამწეწავთ, ოღონდ გადავრჩე. “ქართული ოცნების” ღერძი დღესაც ბიძინა ივანიშვილია. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ძალისხმევა გვჭირდება, რომ მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ სასიკეთო ცვლილებების შესაძლებლობაში. მეტი მუშაობა გვჭირდება. მოქალაქეებმა უნდა დაიჯერონ, საქართველო არის მათი და ცვლილებები ყველასთვის სასარგებლო იქნება. გურიაშიც, ახალციხეში, სამტრედიაში და მესტიაშიც ერთდროულად შეიცვლება ადამიანების ცხოვრება.
ახლა ხომ გვაქვს კორუფცია, წამოვიდა ზემოდან და გავრცელდა მთელს რეგიონებში. ზემოდან როცა წამოვა სამართლიანი მართვის პრინციპი და რეგიონებშიც იგივე განწყობა იქნება, შედეგიც დადგება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია კარდაკარ მუშაობა და ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ევროპული ცხოვრების სიკეთე, ყველაზე კარგად იგრძნობა ევროპულ სოფელში, ამიტომ მჯერა, რომ ამ შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა თვითმმართველობას აქვს.
ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ყველა მათგანს ეშინოდა ძლიერი თვითმმართველობის, იმიტომაც ვერ გადავლახეთ ჰიბრიდული დემოკრატიის ეტაპი. ეს შეცდომა აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"