მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე - ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ

ბრიუსელში [საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების] საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა და ერთგვარად შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის ის შეფასებები, რაც პოლონეთის მხრიდან მოვისმინეთ.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება და უვიზო მიმოსვლასთან მსგავსი საკითხების დაკავშირება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ თემით ძალიან ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის იმისთვის, რომ ბრიუსელში გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა. ეს ერთგვარად კოორდინირებული მოქმედებებს უფრო ჰგავს პოლონეთის მხრიდან. ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამაზე მუშაობს დიდი ხანია ოპოზიცია და თავის დროზე ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ ვიცით, რომ არ ჰყავს ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი ბრიუსელში, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციას არანაირი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის შიგნით. ეს არის ის საკითხები, რასაც იყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა. კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება