ვფიქრობ სერიოზული ესკალაცია არ იქნება. ირანი შეეცდება სახის შენარჩუნებას და ისრაელიც მიიღებს ამ თამაშის წესს - ეს, რა თქმა უნდა, ირანის შესუსტებაა და აქედან გამომდინარე შესუსტებაა რუსეთის, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ესკალაცია გამოიწვია იმან, რომ აშშ-მა დაკარგა იმის იმედი, რომ მოხდებოდა ირანთან ბირთვული შეთანხმება და ახლა მეტი შანსია, რომ ირანი წავიდეს ბირთვული გარიგების შეთანხმებაზე აშშ-თან.
„ჩანს, რომ ეს ოპერაცია კარგად იყო მომზადებული. წერტილოვნად განხორციელდა დარტყმები, თან ეს დარტყმები იყო არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური პირების წინააღმდეგ მიმართული ან ბირთვული ობიექტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ბაზების წინააღმდეგაც. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული დანაკლისი განიცადა ირანმა. ამბობდნენ, რომ 800 ბალისტიკური რაკეტა გააჩნია ირანს და დაახლოებით 200-250 დაზიანებულია ამ დარტყმის შედეგად. ვინაიდან სამხედრო ხელმძღვანელობა გამოყვანილი აღმოჩნდა მწყობრიდან, რეალურად გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებიც დაირღვა ირანში და ისრაელზე ასი დრონით შეტევის განხორციელების გარდა ვერაფერი უკეთესი ვერ მოხერხდა.
ირანი, რა თქმა უნდა, შეეცდება რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ჩანს, რომ ირანი დარჩა მარტო. რუსეთმა გააკეთა საკმაოდ უკბილო განცხადება, რომ პუტინი იღებს პატაკებს და არის საქმის კურსში. ერდოღანმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არის ესკალაცია და ის ეწინააღმდეგება. რეალურად თურქეთსაც არ აქვს რუსეთთან იდეალური ურთიერთობა და მაინცდამაინც მის პარტნიორად არ მოიაზრება. ისე ჩანს, რომ ირანი დარჩა სავსებით მარტო. ახლა შეიძლება ბალისტიკური იარაღიც გამოიყენოს ირანმა. ბალისტიკური რაკეტა ზიდავს დაახლოებით ერთ ტონამდე ასაფეთქებელ ნივთიერებას. ჯერ ერთი, ძალიან სერიოზული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს ისრაელს, ამიტომ მეეჭვება დიდი ზარალი მიაყენოს ამით ირანმა ისრაელს, მაგრამ ამის შემდგომი ესკალაციისთვის ირანი, როგორც ჩანს, მზად არ არის. თუ მოხერხდა და ერთი-ორმა რაკეტამ მიაღწია ისრაელის ტერიტორიაზე, ეს, რა თქმა უნდა, დანაკლისი იქნება და იქნება მსხვერპლიც, მაგრამ ის არათანაზომიერია იმ შესაძლო მსხვერპლთან, რომელიც შეიძლება მოჰყოლოდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას მომავალში და როგორც ჩანს, ამის სერიოზული საფრთხე იყო, რამაც ისრაელს უბიძგა ეს გადაწყვეტილება მიეღო. ვფიქრობ, სერიოზული ესკალაცია არ იქნება. ირანი შეეცდება სახის შენარჩუნებას და ისრაელიც მიიღებს ამ თამაშის წესს - ვფიქრობ, ახლა მეტი შანსია, რომ ირანი წავიდეს ბირთვული გარიგების შეთანხმებაზე აშშ-თან. რა იცვლება გლობალურად? ეს, რა თქმა უნდა, ირანის შესუსტებაა და აქედან გამომდინარე, შესუსტებაა რუსეთის“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. ამასთან, ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერი დაიღუპა. ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"