ალექსანდრე ტაბატაძე - ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა იყო ესკალაციის საფრთხე - რა მნიშვნელობა აქვს, რომ გამოძიება 6 წლის შემდეგაა? მაშინაც გვქონდა რეაქცია, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხებოდა საქმე და საჯაროდ ვერ ვიტყოდით, ვერც დღეს გეტყვით

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე მივიდა.

როგორც მან უწყებაში შესვლამდე მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა „იყო ესკალაციის საფრთხე“.

„რატომ არის [ეს საქმე] პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას? რა მნიშვნელობა აქვს 6 წლის შემდეგ იქნება თუ..? მაშინაც გვქონდა რეაქცია, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება საქმე, საჯაროდ ვერ ვიტყოდით და ვერც დღეს გეტყვით ვერაფერს.

რა თქმა უნდა, იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. იცით, რომ მანამდე, ამ ხელისუფლების პირობებში 2 საგუშაგო დაიდგა, სადაც მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა? ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული. ამის შემდეგ, იქიდან არანაირი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში. იმავე განხორციელდა იქაც. ჩვენ ასევე, მოვახდინეთ კოორდინაცია“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

დღესვე, 18:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია კახი კახიშვილიც.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იყო ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში