სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის იმას, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები

ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN Prima NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პირველ რიგში, ვაგრძელებ ჩემს, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის როლს. საქართველოში ყველა სხვა ინსტიტუტი ახლა პარტიული ორგანოა. ისინი აღარ არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, ისინი აღარ არიან დამოუკიდებლები. ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს ფიგურა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს უწყვეტობას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სიმბოლურია. მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს, მაგრამ ვიყენებ ამ სიმბოლიკას და ნდობას, რომელიც საქართველოში ხალხისგან მივიღე, რათა ვცადო ოპოზიციის კოორდინაციისა და გაერთიანების როლის შესრულება. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეჟიმს და ქვეყნის გარეთ წარმოვაჩინოთ ის, რაც საქართველოში ხდება. ვცდილობ, ვაჩვენო, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და ვიყო იმ ადამიანების ხმა, ვინც ქუჩაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს და ვიყო მათი ხმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩემი კონტაქტებისა და ნაცნობების წყალობით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები გრძელდება და ეს აქციები რეალურად, ორ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ხალხი ქუჩებში გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ.

„ასე რომ, ჩვენ არსებობის ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს. ვფიქრობ, შესაძლოა, პარტნიორები საკმარისად არ აფასებენ იმას, რომ აქ მიმდინარე მოვლენები გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისთვისაც, იქნება ეს შეერთებული შტატები თუ ევროპა და ეს მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს ეხება მთელ კავკასიასა და შავ ზღვას და, შესაბამისად, ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობას. რუსეთი უფრო ფართო გამოწვევას ქმნის აქ, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა დიდ ინვესტიციებს დებს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად, დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად, იმისთვის, რომ შეიქმნას უსაფრთხო და სანდო პარტნიორი როგორც ევროპისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის შავი ზღვის რეგიონში.

„ეს ყველაფერი მოულოდნელად ქრება ისე, რომ არავინ რეაგირებს თანმიმდევრულად და პოლიტიკურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ადგილზე რეაგირება უნდა მოახდინონ არამედ, სიტყვებით მაინც ნათლად თქვან, თუ რა ხდება“, - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო