„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქტივისტ ნინო დათაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი მიდგომები ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიუთითებს.
„სასამართლო სხდომაზე პროკურატურა უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე. საია-ს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთება არ უნდა იყოს აბსტრაქტული და უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული გარემოებებით. ბუნდოვანია, როგორ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება ბრალდებულმა მოწმეებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავად მანდატურები არიან, ასევე მომხდარი ინციდენტი ასახულია ვიდეოჩანაწერებში. ამასთან, ბრალდებული არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მიმალვით კი, დათაშვილი არ მიმალულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც უკვე დაახლოებით 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთის გარდა ალტერნატიულ სასჯელს - ჯარიმასაც ითვალისწინებს. ბრალდებულს ჰყავს შვილი და აქვს მასზე ზრუნვის ვალდებულებები, ასევე დაცვის მხარემ ისაუბრა ბრალდებულის ჯანმრთელობის პრობლემაზეც. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიმართული არ უნდა იყოს ბრალდებულის დასჯისკენ. სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იმსჯელოს ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერცერთი სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, საგამონაკლისოდ, გამოიყენოს პატიმრობა. თავისუფლების უფლება გულისხმობს, რომ პატიმრობა - თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა - ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, „პირის დაკავება იმდენად მკაცრი ღონისძიებაა, რომ მისი გამართლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიება მიიჩნევა არასაკმარისად ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად”. ამდენად, პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება, ერთი და მეტი დასაშვები საფუძვლის მისაღწევად, ჩაითვლება მიზანშეუწონლად“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის განმარტებით, აქტივისტების მიმართ განხორციელებული ტოტალური კონტროლის პირობებში, წარმოუდგენელია სახელმწიფოს მხრიდან იმის უაპელაციოდ გაცხადება, რომ პატიმრობაა ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქალი ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხეების პრევენცია. „საყურადღებოა ნინო დათაშვილის განცხადება, რომელიც, ასევე, მიუთითებს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა, თუმცა აღნიშნულს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. საიასთვის უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან რაიმე სახის შიდა მოკვლევა მანდატურის სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბოლო პერიოდში აქციების კონტექსტში დაკავებული დემონსტრანტების პროცესებზე დასწრების მიზნებისთვის სასამართლოში მყოფი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებზე, ვინაიდან, სასამართლოში მანდატურების მხრიდან მიმდინარე ძალადობაზე მიუთითებდნენ სხვა მოქალაქეებიც. აღნიშნულზე საუბრობენ ჟურნალისტებიც. ამგვარი მიდგომები ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიუთითებს“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.