კავკასიის უნივერსიტეტში, 19-21 ივნისს, მიმდინარეობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების პროფესიული და აღმასრულებელი განვითარების ცენტრის (DCE) ინტენსიური პროგრამა - „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში, კერძოდ კი კავკასიის უნივერსიტეტში, განხორციელდა მსგავსი პროგრამა ჰარვარდის DCE-ის პროფესორის ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის რეგიონში ფინანსურ სექტორში დასაქმებულმა 30-ზე მეტმა ქალმა პროფესიონალმა. მონაწილეები წარმოადგენდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერები არიან. პროგრამა მიზნად ისახავდა მათი ლიდერობის უნარების გაძლიერებას.

კურსი მოიცავდა ინტერაქციულ ლექციებს, ჰარვარდის ქეისების ანალიზს, გუნდურ სავარჯიშოებს, სტრატეგიულ დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პროფესიულ საქმიანობაში. პროგრამის ფარგლებში, ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „დღევანდელი საბანკო სექტორი - მთავარი ფაქტორები ლიდერებისთვის“. პანელის მოდერატორი იყო პროგრამის ხელმძღვანელი, ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესორი ლორი პასკალი.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორი პასკალმა მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები. მან ასევე მადლობა გადაუხადა მათ აქტიური ჩართულობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგაც, ჰარვარდის წამყვანი პროფესიონალები განაგრძობენ კურსდამთავრებულების მენტორობას დისტანციური ფორმატით, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ მიერ მიღებული ცოდნის ეფექტიან და პრაქტიკულ გამოყენებას.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) მხარდაჭერით და დანიის მთავრობისა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) ფინანსური მხარდაჭერით.
კავკასიის უნივერსიტეტი განაგრძობს თანამშრომლობას ჰარვარდის DCE-თან და სამომავლოდ გეგმავს აღმასრულებელი ტრენინგების შეთავაზებას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიზნად ისახავს არა მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის გაძლიერებას, არამედ რეგიონში სხვადასხვა მიმართულების განვითარებას უნიკალური პროგრამებისა და ინიციატივების მეშვეობით.
(R)