გენერალური პროკურორობის კანდიდატი - თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი შეიქმნება, რომელიც გადამზადებული პროკურორებით დაკომპლექტდება

თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ზრდას.

„ტერიტორიული განფენილობის მიხედვით დანაშაულის რაოდენობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით. ისინი საპროცესო ხელმძღვანელობას გაუწევენ მხოლოდ ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ზრდას და დააჩქარებს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, ასევე გამოწვევაა კიბერდანაშაული, რაც ხშირად ორგანიზებული დანაშაულის სტატუსითაც კი ოპერირებს.

„კიბერდანაშაულის გამოძიების და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, სერვისის მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია, სამართლებრივი დახმარების მექანიზმების გამოყენება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, ამ დანაშაულებზე ზედამხედველი პროკურორების განგრძობადი გადამზადება, სამოსამართლო და საპროკურორო საქმიანობისას მიღებული გადაწყვეტილებების დროული ანალიზი და სახელმძღვანელო მითითებების მომზადება ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად. ამ კატეგორიის დანაშაულზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად უნდა იქნას წახალისებული ზიანის დროული ანაზღაურების ხელშეწყობის პოლიტიკა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების მექანიზმის გამოყენებას“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გვარაკიძის მოსმენა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს