გიორგი გვარაკიძე - დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვანებისთვის რესოციალიზაციის შანსის მიცემა და მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის სიმძიმის შემსუბუქება სწორ პრიორიტეტად მესახება

დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვანებისთვის რესოციალიზაციის შანსის მიცემა და მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის სიმძიმის შემსუბუქება სწორ პრიორიტეტად მესახება, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში არაერთი რეფორმა გატარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების, ასევე, მოწმე და დაზარალებული ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების დანერგვისთვის, ეს მიმართულება პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტია და აუცილებელია დარჩეს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.

„ერთი მხრივ, დანაშაულზე პროპორციული სამართლებრივი პასუხი და, მეორე მხრივ, არასრულწლოვანისთვის მართლმსაჯულების ტვირთის შემსუბუქება საპროკურორო საქმიანობის ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების მიერ დანაშაულის ჩადენის მზარდი მაჩვენებელი კი - დღევანდელობის გამოწვევაა.

სამომავლოდ დაბალანსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის დაგეგმვისთვის საკვლევია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეციდივი. პრევენციის გასაძლიერებლად ვებგვერდზე განვათავსებთ გზამკვლევს არასრულწლოვანებისთვის, სადაც გამარტივებული ფორმით, მათთვის გასაგებ ენაზე იქნება მიწოდებული ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას მათი უფლება-მოვალეობების შესახებ“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ამასთან, როგორც გვარაკიძემ აღნიშნა, არასრულწლოვანების მიმართ სასჯელები არ უნდა გამკაცრდეს.

„ვერ გავამკაცრებთ არასრულწლოვანების მიმართ სასჯელებს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ბალანსი დავიცვათ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულსა და მათთვის მისჯილ სასჯელებს შორის. ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ უფრო მეტი შანსი რესოციალიზაციის. მეტად ჩავრთოთ საზოგადოებრივ საკითხებში“,- განაცხადა გვარაკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გვარაკიძის მოსმენა მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება