მედია თავისუფლება იმით არ განისაზღვრება, რომ ჟურნალისტს უნდა შეეძლოს ყველგან, ყველა უწყებაში შესვლა და ყველა პროცესის გაშუქება - პირდაპირ გეუბნებით, არც პარლამენტში ვემხრობი, როდესაც ჟურნალისტი კორიდორებში დეპუტატებს დასდევს, კაბინეტებში ეჭრება და ა.შ. - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ისინი ცდილობენ, რომ „თავსმოხვეული, ლიბერალური „დიფ სთეითიდან“ კანონმდებლობა შეცვალონ და ევროპულ ღირებულებას დაუბრუნდნენ“.
„რომელ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანაშია ასე, რომ მაგალითად, ჟურნალისტი კორიდორ-კორიდორ და კაბინეტ-კაბინეტ დადის საკანონმდებლო ორგანოში. აღარაფერს ვამბობ მართლმსაჯულებასა და სასამართლო პროცესებზე. დავასახელოთ რომელი ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობაც გნებავთ - სად შეუძლია ჟურნალისტს შევიდეს პროცესზე ნებისმიერ დროს, გააშუქოს, მათ შორის - იძალადოს და ა.შ. არცერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი რამე. ჩვენ ვცდილობთ თავსმოხვეული, ლიბერალური „დიფ სთეითიდან” კანონმდებლობა შევცვალოთ და ევროპულ ღირებულებას დავუბრუნდეთ. ეს არის ჩვენი იდეა, რომ როგორც წამყვან, ევროპულ ქვეყნებშია, ჟურნალისტს ცივილიზებულად აქვს გაშუქების უფლება, მაგრამ არა ყველგან შესვლის უფლება. აქედან გამომდინარეა ზუსტად ეს ცვლილებები, რაც ადაპტირებული და აპრობირებულია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ეს მედიის შეზღუდვა, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ სიტყვა „შეზღუდვა“ შეიძლება მაშინ გამოვიყენოთ, როცა საერთაშორისო სტანდარტს ზღუდავ.
„უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს სიტყვა „შეზღუდვა”. შეზღუდვა შეიძლება მაშინ გამოვიყენოთ, როცა საერთაშორისო სტანდარტს ზღუდავ. მე ვკითხულობ: დამისახელეთ წამყვანი ევროპული ქვეყნები, სადაც არამარტო სასამართლოში, მათ შორის თქვენ რომ აქ დგახართ, მეც რომ აქ ვარ და კითხვას სვამთ - ასე თავისუფლად რომ გადავაადგილდები და „ტვ პირველის“ ჟურნალისტი რომ გამომეკიდება იმის მიუხედავად, რომ ინტერვიუს არ ვაძლევ - ეს წესი რომ შეიზღუდოს, თქვენ ამას „შეზღუდვას” დაარქმევთ. დამისახელეთ ევროპული ქვეყანა, სადაც პარლამენტში ასე დასდევენ დეპუტატებს და მოსამართლეებს. პროცესებსაც ისე აშუქებენ, როგორც საქართველოში - ვერ მისახელებთ ასეთ ევროპულ ქვეყანას და ვერც დამისახელებთ. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ისეთი კანონმდებლობა გვინდა, როგორიც ევროპის წამყვან ქვეყნებშია”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, რა საფრთხეს ქმნიან მედიის წარმომადგენლები თუ მაგალითად, სასამართლოს ეზოში მაინც მუშაობენ, მაჭარაშვილმა განმარტა, რომ როდესაც საპროტესტო აქციების მონაწილეებმა იციან, რომ ეზოში მედიასაშუალებები არიან, სწორედ ამიტომ აწყობენ იქ აქციებს.
„ვნახეთ, სასამართლოს ეზოები რისთვის გამოიყენეს. დაპირისპირების ცენტრი, აქციების ადგილი გახადეს. გადახედეთ სოციალურ ქსელს - “შევიკრიბოთ სასამართლოს ეზოში”. რას ნიშნავს ეს? დამისახელეთ ქვეყნის მაგალითი, სადაც სასამართლო შენობის წინ დაანონსდა აქცია, დაიწყო დროშების ფრიალი, დაპირისპირება და ა.შ. როდესაც ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა იციან, რომ იქ მედიასაშუალება იქნება, ამიტომ აკეთებდნენ”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.