ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და მეტი რაღა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა დასრულდეს, მაგრამ შემოდის ახალი რეპრესიული კანონები და ეს კანონები შემოდის სწორედ იმიტომ, რომ მან რაც აქამდე გააკეთა, ის, როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი წინააღმდეგობის ჩასახშობად , - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისივე თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობას ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას, თუმცა ეს არის ბრძოლა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
“ჩვენ როცა გვგონია, რომ თითქოს ყველაფერი შეგვიზღუდა რეჟიმმა, თითქოს მან სრული კონტროლი აიღო პოლიტიკურ სივრცეზე, წინააღმდეგობა უცებ პოულობს ახალ გზებს და არ სრულდება. ხელისუფლება ცდილობს, დაასრულოს. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ მან ყველაფერი გააკეთა და მეტი რაღა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა დასრულდეს, მაგრამ შემოდის ახალი რეპრესიული კანონები და ეს კანონები შემოდის სწორედ იმიტომ, რომ მან რაც აქამდე გააკეთა, ის, როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი წინააღმდეგობის ჩასახშობად. მეტი რა უნდა გააკეთოს რეჟიმმა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გატეხოს და მაინც ვერ ტეხს.
მართალია, წინააღმდეგობას ახლა არ უდგას საუკეთესო პერიოდი, მაგრამ ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით იმას, რომ იმ ათი ათასობით ადამიანის უკმაყოფილება, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, სადმე წავიდა? ეს ადამიანები კმაყოფილები ხომ არ გახდნენ. ამიტომ, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ბრძოლას, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და უფრო და უფრო მსხვილი კალიბრის იარაღის გამოყენება უწევს რეჟიმს სწორედ იმიტომ, რომ მას სურს, გამარჯვება გაიფორმოს, მაგრამ ამ გამარჯვებას ვერ იფორმებს”, - განაცხადა მენაბდემ.
მან ასევე შეაფასა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაბიჯები და აღნიშნა, რომ პარტიები ერთმანეთთან საუბარს გვიან იწყებენ, სტრატეგიის შემუშავება არ შეუძლიათ და საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობენ.
“ჩვენი პოლიტიკოსები უშვებენ ორ მნიშვნელოვან შეცდომას. პირველი შეცდომა არის ის, რომ ერთმანეთთან საუბარს ძალიან გვიან იწყებენ. ერთიანი სტრატეგია ორი-სამი თვის წინ უნდა შემუშავებულიყო, დღეს უკვე გვიანია.
მეორე შეცდომა, რასაც ისინი უშვებენ, არის ერთსვლიანი კომბინაცია, ანუ ისინი დგამენ ნაბიჯს და არ იციან, მეორე ნაბიჯი რა უნდა გადადგან. პირობითად, ამბობენ, რომ უნდა გაერთიანდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ რა უნდა შესთავაზონ ხალხს.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათ დღეს არაფერი არ აქვთ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის, მათ არ აქვთ ელემენტარულ კითხვებზე პასუხი. ახლა ყველაზე რადიკალური ნაბიჯი არის პოლიტიკური შრომა და ამ პოლიტიკური შრომის გაწევა ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, არ სურს”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.