დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციაზე - წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას და მის ფარგლებში თანამშრომელთა გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა“.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ასევე, სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც მისი თქმით, პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა.

„საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი მენაღარიშვილის დანიშვნისთანავე, თავხედურად „შევაჭერი“ მის კაბინეტში და ვუთხარი, რომ მაქვს crazy idea. „გისმენო“ - მიპასუხა. მინდოდა ამეხსნა, რომ უწყებაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები ულოგიკოდ იყო მიმოფანტული, ზოგი კი საერთოდ „უპატრონოდ“ იყო მიტოვებული. ამდენად, ნატო-ს ოთხკაციანი სამმართველოს ნაცვლად, კარგი იქნებოდა დიდი დეპარტამენტის შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა უსაფრთხოების სფეროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დავიწყე თუ არა საუბარი, მალევე გამაჩერა. „მივხვდი, რის თქმასაც აპირებ და ამაში crazy არაფერია. ეს ყველაფერი მოხსენებითი ბარათით, ოფიციალურად მომაწოდე. დაასაბუთე აუცილებლობა და დაურთე დეპარტამენტის სტრუქტურის პროექტი, თავისი საშტატო ერთეულებით“.

ამ საუბრიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სამინისტროში შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი, ოთხი სამმართველოთი და 18 თანამშრომლით. (ზუსტად იმდენით, რამდენიც მოვითხოვეთ. არავის უვაჭრია „ამდენი რად გინდა“, „ნაკლებიც გეყოფათო“). დეპარტამენტში თავი მოიყარა ნატო-სთან პარტნიორობამ, ეუთო-ს პირველმა განზომილებამ, განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის თემატიკამ, ექსპორტის კონტროლის ეროვნული სისტემის შექმნამ, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივმა ურთიერთობებმა, რუსეთთან მოლაპარაკებებმა სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, აშშ-ის მხარდაჭერით ეროვნული გვარდიის, სანაპირო და საზღვრის დაცვის მოწყობის დიპლომატიურმა უზრუნველყოფამ და კონფლიქტების მოგვარების თემამ. დეპარტამენტში თავიდანვე ჩამოყალიბდა ერთგვარი esprit de corps, რამაც ხელი შეუწყო სპეციფიკური დარგის კვალიფიციური კადრების აღზრდას. შედეგად, ოცდაათი წლის განმავლობაში დეპარტამენტში დაგროვდა უნიკალური ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც ესოდენ ფასეულია ნებისმიერი ქვეყნის საჯარო სამსახურისთვის. დღეს ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა. სოლიდარობა ყველას, ვინც პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! საქართველო ევროპაა!“- წერს დავით დონდუა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა