14 ივლისი მნიშვნელოვან თარიღად მოინიშნა თანამედროვე ქართული კულტურისთვის - სწორედ ამ დღეს ჩატარდება ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“. იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი ქართველი კულტურის მოღვაწე და ბიზნესმენი თინათინ სვანიძე-ვენკო.
სულ ცოტა ხნის წინ თინათინ სვანიძე-ვენკომ თანამოაზრეებთან ერთად „ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის“ დაფუძნების შესახებ გამოაცხადა და ფესტივალი სწორედ მისი მასშტაბური პროექტია. კალიგრაფიის ფესტივალს სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ 18:00 საათიდან უმასპინძლებს და ის რამდენიმე ღონისძიებას გააერთიანებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება წარდგინება თინათინ სვანიძე-ვენკოს რიგით მეორე წიგნისა „გულანი (ქართული კალიგრაფიის სამყაროში)“ და ასევე შედგება ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური გახსნის ცერემონიალიც. და, რაც მთავარია, მოსულ სტუმრებს დახვდებათ შთამბეჭდავი კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ბავშვები საქართველოს მრავალი კუთხიდან, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან; მათ ასევე შეუერთდებიან თანატოლები ისტორიული ჰერეთიდან.
თინათინ სვანიძე-ვენკო წლებია ეწევა ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და ფესტივალის დაარსების იდეაც სწორედ ამიტომ გაუჩნდა:
„ქართული დამწერლობა და კალიგრაფია ჩვენი ქვეყნის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და მონაპოვარია. ის საქართველოს ისტორიული მეხსიერების, კულტურის საგანძურია, რომელსაც დაცვა, გაფრთხილება და ასევე განვითარება სჭირდება. წლებია, ვცდილობთ, ჩვენი ხელნაწერები და კალიგრაფიული ნიმუშები მსოფლიოს გავაცნოთ; ამ მიზნით არაერთი საერთაშორისო გამოფენა გავხსენით... ახლა კი დრო დადგა, დავაარსოთ დიდებული და უნიკალური ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც გააერთიანებს ყველას, ვისთვისაც ქართული ანბანი, დამწერლობა, კალიგრაფიული ხელოვნება საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული იდენტობის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური წყარო. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, ქართული კალიგრაფიის საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნება და ინტეგრირება ჩვენი პრინციპული მიზანია, გპირდებით, რომ ჩვენი ასოციაცია ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციისთვის ბევრ არსებით პროექტს შემოგთავაზებთ.“ - აცხადებს თინათინ სვანიძე-ვენკო.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის შემდეგ კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი სხვა რეგიონებშიც იმოგზაურებს - უკვე გადაწყვეტილია, რომ ფესტივალს ასევე უმასპინძლებს სიღნაღი, ზუგდიდი და სენაკი. მასში მონაწილეობას ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებიც მიიღებენ. როგორც თინათინ-სვანიძე-ვენკო აცხადებს, გამოფენა-გაყიდვები საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მოზიდული თანხები გადაერიცხებათ შესაბამის რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრებს.
კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალის პარალელურად, საქართველოში შეიკრიბება პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი „დაბრუნება“, რომლის დამფუძნებელიც ასევე თინათინ სვანიძე-ვენკო გახლავთ. თეატრალურ დასში გაერთიანებულნი არიან აშშ-ს, ევროპის ქვეყნების ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისტორიული ჰერეთის, ფერეიდანის ქართველები და თურქეთში მცხოვრები ,,ჩვენებურები", ასევე საქართველოს, კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდები. შარშან მათ გასტროლები საქართველოს არაერთ რეგიონში ჰქონდათ, როდესაც მაყურებელს ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“ წარუდგინეს. წელს კი რეჟისორ მიშა რატიანის ხელმძღვანელობით დასი კიდევ ერთხელ წარდგება ფართო პუბლიკის წინააღმდეგ. სპექტაკლს, რომელსაც დიასპორული თეატრი მაყურებელს წარუდგენს, ჰქვია „მიდი, შეცვალე სამყარო!“. პიესა სპეციალურად დაიწერა დიასპორული თეატრის - „დაბრუნება“ - და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდებისთვის.
სპექტაკლის პრემიერა 21 ივლისს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში შედგება. შემდეგ კი თეატრი საქართველოს სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს და 23-25 ივლისს ზუგდიდსა და სენაკს, ხოლო 26-27 ივლისს სიღნაღს ეწვევა.
ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“ და პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი „დაბრუნება“ ერთად ეწვევიან საქართველოს კუთხეებს და ერთობლივ პერფორმანსებს გამართავენ.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"