ისრაელის საელჩო - შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო - ეს მორალურად არასწორია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მორალურად არასწორია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

„შევშფოთდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო.

მაშინ, როდესაც დასავლეთი ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს გმობს და მხარს უჭერს ძალისხმევებს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შესაჩერებლად, ღრმად იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მსგავს ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს მორალურად არასწორია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ „ინტერპრესნიუსს“ გამოუგზავნა.

შეგახსენებთ, ირანის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი გამოთქვა და ირანის მიმართ კი სოლიდარობა გამოხატა.

ირანის საელჩოს განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოში ღონისძიება გაიმართა.

„2025 წლის 30 ივნისს და 1-ელ ივლისს, ორშაბათსა და სამშაბათს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ.

დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია