სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ გარემოს - სწავლას, რომელიც ეფუძნება მრავალწლიან ტრადიციებს და მომავლზე ორიენტირებულ ინოვაციებს. ჩვენ ვზრდით მომავალ ლიდერებს, მეცნიერებსა და პროფესიონალებს, ჩვენ ერთად ვქმნათ მდგრადი, განვითარებული და დამოუკიდებელი საქართველოს საფუძველს! - ამის შესახებ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ კუნჭულიამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2024-2025 სასწავლო წელს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავარიატი დაამთავრა 56 სტუდენტმა, სამაგისტრო - 31-მა, ხოლო სადოქტორო - ორმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ოთხი პროექტი, რომელთა მიზანია ქვეყანაში ახალი სამთო-მომპოვებელი საწარმოების ჩამოყალიბება.
გარდა ამისა, ფაკულტეტზე არსებული სამთო-გეოლოგიური ცენტრის ბაზისთვის ახალი სამთო-გეოლოგიური ელექტრონული პროგრამები იქნა შესყიდული, რომელთა მეშვეობით ხდება სასწავლო კურსების ორგანიზება, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის.
ინფორმაციის თანახმად, კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ფაკულტეტზე მოეწყო „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორია“, გარემონტდა „შრომის უსაფრთხოების“ სასწავლო ლაბორატორიები. 2024/2025 სასწავლო წელს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერებმა მოიპოვეს ერთი საგრანტო პროექტი.
„სამთო და გეოლოგიური დარგები საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა რესურსების ეფექტიანად გამოყენებასთან. დღეს, როცა ქვეყანა დგას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, როცა მწვანე ტრანზიციის გზებსა და სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლის შესაძლებლობებს განვიხილავთ, სამთო-გეოლოგიური მეცნიერებას ახალი მისია ეკისრება. ჩვენი ფაკულტეტი, როგორც ქვეყნის ერთადერთი აკადემიური პლატფორმა ამ მიმართულებით, არა მხოლოდ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავად ქმნის სტანდარტებს. სწორედ აქ ეყრება საფუძველი იმ პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს ჭკვიანურად და ეკოლოგიურად განავითარებენ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ გარემოს - სწავლას, რომელიც ეფუძნება მრავალწლიან ტრადიციებს და მომავლისკენ მიმართულ ინოვაციებს. ფაკულტეტის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობას მოვახსენებთ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და ჩვენს პარტნიორ „არემჯის“, - აცხადებს თეიმურაზ კუნჭულია.
ცნობისთვის, 1922 წელს, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიტექნიკური ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად სამი განყოფილება იყო: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. სამთამადნო განყოფილებას გააჩნდა სპეციალობები - სამთო (საექსპლუატაციო), მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური. 1928 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც დასაწყისში გააჩნდა შემდეგი ფაკულტეტები: სამშენებლო ფაკულტეტი, მექანიკური ფაკულტეტი, სამთო-ქიმიური ფაკულტეტი.
დღეისათვის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება უმაღლესი განათლების სამივე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.