გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - მოდი, შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებას - შევქმნათ მსოფლიო, რომელიც მათი და მათი შვილების კეთილდღეობის საწინდარია

მოდით, შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები, რომლებსაც სურთ მშობლობის სიხარული და სარგებელი განიცადონ, შეძლებენ საკუთარი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებას, სადაც მათ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი ექნებათ და სადაც დაცული იქნება მათი არჩევანი და უფლებები; შევქმნათ ისეთი გარემო და ისეთი მსოფლიო, რომელიც მათი და მათი შვილების კეთილდღეობის საწინდარია, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორ ნატალია კანემისმა მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

როგორც ის ამბობს, ახალგაზრდებს უნდა შევთავაზოთ არჩევანი, ბარიერების ნაცვლად, მათსავე კეთილდღეობისთვის.

„მსოფლიო მოსახლეობა, დღითიდღე, ერთდროულად მზარდი ინტერესისა და შფოთვის მიზეზი ხდება იმ რიგი საკითხების გამო, როგორებიცაა შობადობის შემცირება, მოსახლეობის დაბერება და სამუშაო ძალის დეფიციტი; თუმცა ბევრი კვლავ მიიჩნევს, რომ პლანეტის უმთავრესი საფრთხე მოსახლეობის ჭარბი რაოდენობაა. შობადობის კრიზისის რეალური მიზეზი რეპროდუქციული შესაძლებლობების ნაკლებობაა. ახალგაზრდებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა შექმნან ისეთი ოჯახები, როგორიც სურთ, თუმცა ამავდროულად, დაბალი შობადობის მიზეზად სწორედ ისინი სახელდებიან და ამ პრობლემის მოგვარების ტვირთსაც სწორედ მათ აკისრებენ. ხშირად მიიჩნევა, რომ შობადობის მაჩვენებლები თავისუფალი არჩევანის შედეგია. სინამდვილეში, საქმე ასე მარტივად არ არის. ფინანსური წნეხი, ჯანმრთელობის პრობლემები, ქალთა უფლებების შეზღუდვა, გლობალური კონფლიქტები და კლიმატის ცვლილების გამო შფოთვა იმ მრავალ მიზეზს შორისაა, რის გამოც დღეს ახალგაზრდა ქალებსა და კაცებს არ ჰყავთ იმდენი შვილი, რამდენიც სურთ, როგორც ეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) უახლეს ანგარიშშია აღნიშნული. UNFPA-ის მიერ მსოფლიო მასშტაბით გამოკითხული 14 000 ადამიანისგან, 50 წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე ვარაუდობს, რომ მის ოჯახში შვილების რაოდენობა სასურველისგან განსხვავებული იქნება – უმეტესობას იმაზე ნაკლები შვილი ეყოლება, ვიდრე სურს. 50 წელს გადაცილებულთა თითქმის მესამედი კი აცხადებს, რომ მათ სასურველზე ნაკლები შვილი ჰყავთ.

ცრუ წარმოდგენები, რომ, თითქოს ახალგაზრდები შვილებზე მეტად კარიერას ანიჭებენ უპირატესობას, ან რომ „ეგოიზმი“ ხელს უშლით გახდნენ მშობლები – ხშირად აისახება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც, რომლებიც პრობლემის გადაჭრის ნაცვლად კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ამის ნათელი მაგალითია ის ქვეყნები, სადაც იზღუდება კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა, რაც არასასურველი ორსულობის რისკს ზრდის. მოდით, დღეიდან, აღვნიშნავთ რა მსოფლიო მოსახლეობის დღეს, მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, რათა გავიგოთ, რა სურთ და რა სჭირდებათ მათ და ვიზრუნოთ ისეთი პირობების შექმნაზე, რომლებიც მათ საკუთარი უფლებების რეალიზების, დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებისა და იმედიანი მომავლის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. როგორც ერთმა ლიბანელმა ახალგაზრდა აქტივისტმა განუცხადა UNFPA-ის: „ახალგაზრდები მხოლოდ თავიანთ მომავალ შვილებზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმ მსოფლიოზეც, რომელიც მათი შვილებს მემკვიდრეობით ერგებათ.“

დასაქმების მეტი შესაძლებლობები და საცხოვრებლისა თუ სხვა ხარჯებისთვის საკმარისი შემოსავალი ახალგაზრდებში მეტი ფინანსური სტაბილურობის განცდას შექმნის და მეტი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს იმასთან დაკავშირებით, როდის და რამდენი შვილი იყოლიონ და გახდნენ თუ არა მშობლები. ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკა, მათ შორის ბავშვზე ზრუნვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისები, მშობლებისთვის განკუთვნილი მაღალანაზღაურებადი და მოქნილი შვებულება, შვილებზე ზრუნვაში მამების ჩართულობის ხელშეწყობა დაეხმარება მომავალ მშობლებს შეაჯერონ კარიერული და ოჯახური მიზნები. ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების ხელშეწყობაც გადამწყვეტია ამ მიმართულებით ინფორმირებული არჩევანისთვის. ნდობის გასამყარებლად და თაობებს შორის სოლიდარობისა და სამართლიანობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია თაობათაშორისი ურთიერთგაგება. მხოლოდ ერთობლივი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი დემოგრაფიულად მრავალფეროვან მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავება.

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების უზრუნველყოფა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების ქვაკუთხედია. მოდით, შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები, რომლებსაც სურთ მშობლობის სიხარული და სარგებელი განიცადონ, შეძლებენ საკუთარი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებას, სადაც მათ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი ექნებათ, და სადაც დაცული იქნება მათი არჩევანი და უფლებები; შევქმნათ ისეთი გარემო და ისეთი მსოფლიო, რომელიც მათი და მათი შვილების კეთილდღეობის საწინდარია”,- აღნიშნა ნატალია კანემისმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია