ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, iamtheCODE AI INSTITUTE-თან პარტნიორობით, ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო ჰაკათონი გაიხსნა. ინიციატივის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ქალების გაძლიერება ტექნოლოგიების სფეროში და მათთვის ინოვაციური შესაძლებლობების შექმნა.
ჰაკათონის თემატიკაა: „How can AI be used for Good in Advancing the SDGs?“, რაც გულისხმობს AI-ის გამოყენებას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. მონაწილეები იმუშავებენ რეალურ პრობლემებზე, გააანალიზებენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, ისწავლიან AI ინსტრუმენტების შექმნას iamtheCODE iDEA კურიკულუმის ფარგლებში და საბოლოოდ წარადგენენ ინოვაციურ იდეებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის წინაშე.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე აცხადებს, რომ საქართველოში პირველად იმართება AI ჰაკათონი, რომლის მიზანიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სხვადასხვა გზის აღმოჩენაა.
„3-დღიანი ჰაკათონი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, iamtheCODE AI INSTITUTE-ის მხარდაჭერით იმართება. პარალელურად, მისი მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women Georgia). გუნდებთან იმუშავებენ საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორები, რომლებიც მონაწილეებს მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას გაუწევენ. მათ იდეებს კი შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური, რომლის წევრებიც სპეციალურად ჰაკათონისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში. გამარჯვებული საკუთარ პროექტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონში მონაწილეობენ ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები. ჯამში 100 მონაწილე ჰყავს პროექტს. თითოეული მონაწილის მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნება ისეთი პროდუქტები, რომლებსაც სიამაყით წარვუდგენთ გაეროს გენერალურ ასამბლეას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაერო მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სექტემბერში საიუბილეო ასამბლეაა და პირველები ვიქნებით, ვინ მათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღებ გადაწყვეტებს გავუზიარებთ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელია, რომ 17-ვე მიზანი უფრო სწრაფად და უფრო მდგრადი მოდელით იქნას მიღწეული. ამ პროცესში გოგოების ჩართვაც უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 100 ქალი გაერთიანდა სამდღიან საერთაშორისო ჰაკათონზე, რომელიც არამხოლოდ ტექნიკური უნარების გამომუშავებაზე, არამედ ლიდერობაზე, ინოვაციასა და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
ჰაკათონი წარმოადგენს გლობალური მოძრაობის ნაწილს, რომელიც ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის და STEAMED განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება.
სპეციალურად ჰაკათონისთვის საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა iamtheCODE-ის დამფუძნებელი ლედი მარიემ ჟამმე. iamtheCODE არის გლობალური მოძრაობა, რომელიც უკვე 88 ქვეყანაში და 500-ზე მეტ ღონისძიებაზე აერთიანებს გოგოებს და ქალებს ტექნოლოგიების ირგვლივ.
„საქართველოს კიდევ ერთხელ ვეწვიე და ეს შესანიშნავია. ჰაკათონის ფარგლებში, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ხელოვნურ ინტელექტსა და გაეროს 17 გამოწვევას ვაერთიანებთ. ეს ყველაფერი კი გენდერული თანასწორობის ჭრილში ხორციელდება. ზოგადად, არაერთი ტექნოლოგიური ჰაკათონი ტარდება, მაგრამ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი თემებისა და სპეციფიკიდან გამომდინარე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ჩვენ ერთობლივად ვანახებთ მსოფლიოს, რატომ არის ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანი და რა როლი შეიძლება ჰქონდეთ ქალებს ამ პროცესებში. სამი დღის განმავლობაში ქართველი ქალები, ახალგაზრდები დეტალურად შეისწავლიან, რა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მდგრადი განვითარების ფარგლებში. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა ლედი მარიემ ჟამმემ.
ჰაკათონს 5 გამარჯვებული ეყოლება. საუკეთესო პროექტებისთვის გათვალისწინებულია:
ინიციატივა საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"