საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანალიზი გვთავაზობს მნიშვნელოვან დასკვნებს როგორც მიმდინარე, ასევე ფინანსური ანგარიშის ნაწილში. რიგ შემთხვევებში ბოლოდროინდელი დინამიკა ისტორიული ტენდენციებისგან მკვეთრ გადახვევასაც წარმოადგენს.
კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის მხრივ:
ფინანსური ანგარიშის მხრივ:
უფრო დეტალურად, პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.7% შეადგინა, რაც წინა კვარტალთან (5.1%) შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით მეტია. დეფიციტის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი რეზიდენტების მიერ საგარეო წყაროებიდან მიღებული შრომის ანაზღაურების, საქონლით საგარეო ვაჭრობის ბალანსისა და ფულადი გზავნილების გაუარესებამ შეიტანა. საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ICT სექტორის ექსპორტი, რამაც მომსახურებით ვაჭრობის პროფიციტიც გაზარდა.
ამავდროულად, უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, აღნიშნული ფაქტორების მხრივ მეორე კვარტალში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იკვეთება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წლიურად 10.5%-ით არის შემცირებული (პირველ კვარტალში 16.2%-ით ზრდა), ხოლო, სებ-ის მონაცემებით, სწრაფი ფულადი გზავნილების ზრდა 10%-ია (პირველ კვარტალში 3.2%-ით კლება).
რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშს, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, პირველ კვარტალში გამოსაყოფია სავალუტო რეზერვებისა და ნაღდი ფულის და დეპოზიტების დინამიკა, რომლებზეც დეფიციტის დაფინანსების სამ მეოთხედზე მეტი მოდიოდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მეორე კვარტალში სავალუტო რეზერვები, წინა კვარტალთან შედარებით, $377 მილიონითაა გაზრდილი, რაც სავალუტო ბაზარზე სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვასთან არის დაკავშირებული, ლარის მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების ფონზე. მარტიდან მაისის ჩათვლით პერიოდში სებ-მა ბაზარზე $613 მილიონი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, ინტერვენციები ივნისსა და ივლისშიც გრძელდება.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ბოლო პერიოდების მსგავსად, წამყვან როლს კვლავ რეინვესტირებული მოგება ასრულებდა, რომელზეც პირველ კვარტალში წმინდა პირდაპირი ინვესტიციების 67% მოდიოდა. საყურადღებოა პორტფელური ინვესტიციების დინამიკა, სადაც საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენა იკვეთება, რაც ისტორიულად საქართველოს საგადასახდელო ბალანსისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ ყოფილა. ამავდროულად, სახეზეა რეზიდენტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების ნაწილობრივი გამოსყიდვაც. სესხების კუთხით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის მიერ მოზიდული სახსრები, დაახლოებით, თანაბარი იყო, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა პირველ კვარტალში სესხების მოცულობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.
(R)