მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეების, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის თარჯიმანი  საქმეს ჩამოაცილა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქეების, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის თარჯიმანი დავით გულიაშვილი საქმეს ჩამოაცილა. აღნიშნული გადაწყვეტილება გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ გამოაცხადა.

მოსამართლემ ახალი თარჯიმნის მოსაყვანად ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა. შესაბამისი შუამდგომლობა პროცესზე დაკავებულების ადვოკატებმა დააყენეს.

ადვოკატ ბექა ხახობაშვილის განცხადებით, თარჯიმანი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა და არასაკმარისად პროფესიონალურად ხდებოდა თარგმანი.

ადვოკატ ია ჯღარკავას განმარტებით, თარჯიმანი ბრალდებულებთან დავაში შედის, შეურაცხყოფას აყენებს. ამასთან, მისივე თქმით, მთავარი ის არაა, ადვოკატი რას იტყვის, მთავარია, ბრალდებული რას ამბობს.

„ბრალდებულს არ ესმის, მორჩა, დამთავრდა, უნდა შეცვალოთ. თვითაცილებას აყენებს თარჯიმანი და რას განვიხილავთ, ვერ გავიგე“, - განაცხადა ჯღარკავამ.

თავად თარჯიმანმა კი განაცხადა, რომ მას ბრალდებული ისე მიმართავდა, როგორც არ უნდა მიემართა, მათ შორის დამცინავი ტონით.

„არასათანადო თარგმანი ხდება, ბევრი რაღაც არ მესმის“, - განაცხადა სერგეი კუხარჩუკმა.

აღნიშნულზე მოსამართლემ განაცხადა, რომ თარჯიმანი თარგმნიდა პროცესს და სხდომა გრძელდებოდა.

„თარგმანს ვერ იგებენ, რა პროცესს აგრძელებთ?“, - მიმართა მას კვლავ ადვოკატმა. აღნიშნულის შემდეგ გალუსტაშვილმა თარჯიმანს მიმართა, ჰქონდა თუ არა საჭირო ცოდნა, რასთან დაკავშირებითაც მან დადებითი პასუხი გასცა, თუმცა დააფიქსირა, რომ თვითაცილებას აყენებდა.

შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

პროკურორების განმარტებით, აცილების კანონიერი საფუძველი არ არსებობს. თარჯიმნის არაკომპეტენტურობა კი არც ერთ სხდომაზე არ გამოკვეთილა.

„ადვოკატებმა ყოველ პროცესზე ვაყენებთ ამ შუამდგომლობასო. შთაბეჭდილება მრჩება, რომ საოქმოდ ხდება ეს, თითქოს, თარჯიმნის უფლებაა დარღვეული. კონკრეტულ თარჯიმანთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა არცერთ პროცესზე პრობლემა. ალბათ, ამ პროცესზე ადვოკატების მოსაწონი თარჯიმანი ქვეყნის მასშტაბით არ მოიძებნება. ხვალ და ზეგ, სხვა თარჯიმანთანაც იგივე პრობლემა ექნებათ. ადვოკატებს რეალური საფუძველი არ გაუჟღერებიათ, მათი სტრატეგიაა, არარსებულზე წარმოაჩინონ პრობლემა“, - განაცხადა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.

პროცესს ამერიკისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს