სააპელაციო სასამართლომ მამაკაცს, რომელსაც დის მკვლელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ცვლილება შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო 2024 წლის 16 მაისს ბრალდებულმა, გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ე’’(დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), „თ“ (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით), „კ“ (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) და „მ“ (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურამ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს