ანზორ კვარაცხელიას ადვოკატი - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამამტყუნებელი განაჩენი გაყალბებული ექსპერტიზის საფუძველზე გამოაცხადა

პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულის, ანზორ კვარაცხელიას ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამამტყუნებელი განაჩენი გაყალბებული ექსპერტიზის საფუძველზე გამოაცხადა.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, მოსამართლეს არც დარბაზში მყოფი პირებისთვის და არც საზოგადოებისთვის განუმარტავს, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო ის გადაწყვეტილების მიღებისას.

„არ არსებობს დაზარალებული, მათ შორის, არც ფიზიკურად, არ არსებობს პირი, რომელიც იტყოდა, რომ დაზიანდა, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, არსებობს ერთადერთი გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საწინააღმდეგო დასკვნაც დაცვის მხარემ მოვიპოვეთ, საქმეში ჩავდეთ, საუბარია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნაზე და ექსპერტის ჩვენებაზე. ამის მიუხედავად, მოსამართლემ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლემ ვიდრე განაჩენს გამოაცხადებდა, სცადა ფაქტობრივად რაღაც კუთხით გავლენა მოეხდინა, თითქოს წინასწარ მოემზადებინა დარბაზი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, აღნიშნა, რომ საქმე იყო რთული, თუმცა, სამწუხაროდ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ჩემთვის წარმოუდგენელია, მოსამართლე რას დაეყრდნო, ერთადერთი, რის საფუძველზეც მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოეტანა, გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნაა, სხვა რამ მოსამართლეს ხელში არ აქვს. სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაა, რომლითაც დასტურდება, რომ პირი, რომელზეც ბრალდების მხარე ამბობს, ანზორ კვარაცხელიააო, საერთოდ ის კადრი საიდენტიფიკაციოდ უვარგისია, შესაბამისად, იმ პირობებში, როცა მოსამართლეს არც ერთი კადრი და პირდაპირი მტკიცებულება არ აქვს, არანაირი საშუალება და გზა არ ჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა.

როგორც წესი, იურისტები და ადვოკატები მიჩვეული ვართ, რომ მოსამართლეები სასჯელის გამოცხადების შემდეგ განმარტავენ იმ არგუმენტებს და საფუძვლებს, ფაქტობრივ გარემოებებს, რასთან დაკავშირებით, რაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება. მოსამართლისთვის ხელი არავის შეუშლია დღეს, გამოაცხადა გადაწყვეტილება და სხდომის დარბაზიდან გავიდა, არც კი სცადა, საზოგადოებისთვის, მხარეებისთვის განემარტა, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი. გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს ჩავიბარებთ და რა თქმა უნდა, მხარესთან შეთანხმებით, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს