ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკვებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს სხდომის დარბაზიდან გაძევებული კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი ტერიშვილის დაბრუნებას სთხოვენ.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს ტერიშვილის ადვოკატმა მიმართა, რის შემდეგაც, ბრალდებულებმაც დააფიქსირეს პოზიცია.
ჭიჭინაძის განმარტებით, გასულ პროცესზე მოსამართლისგან შენიშვნა მანაც მიიღო, შესაბამისად, ისიც უნდა გაეძევებინა. ჭიჭინაძემ მოსამართლეს უთხრა, მზად იყო, ტერიშვილს ჩანაცვლებოდა.
„ვეთანხმები ადვოკატს, რომ წარმოდგენილი იყო ცრუ მოწმე, გარდა ცრუ მოწმისა [გიორგი ტერიშვილს] არაფერი უთქვამს, ამ ლიგიკით, მეც უნდა დამეტოვებინა სხდომა, ჩავენაცვლები, ბოლო სიტყვა თქვა უბრალოდ. მე მომეცით რამდენჯერმე შენიშვნა, ტერიშვილის მხრიდან ერთი შემთხვევა იყო, ბოლოს მოუწია, ძალიან გთხოვთ, იქნებ დააბრუნოთ, ჩავენაცვლები მართლა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ონისე ცხადაძემაც მიმართა.
„თუ შესაძლებელი იქნება, მე გამიშვით და გიორგი ტერიშვილი დააბრუნეთ",- განაცხადა ცხადაძემ.
მან მოსამართლეს სთხოვა, პროცესიდან გაძევებულ გიორგი ტერიშვილს დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის ნიშნად, ისიც ისე მოიქცევა, რომ პროცესიდან გააძევოს, მაგალითად, შუა პროცესზე ლექსს მოჰყვება.
„წინა პროცესზე მე უფრო ვიმსახურებდი გაძევებას. თუ შესაძლებელი იქნება, მე გამიშვით და გიორგი ტერიშვილი დააბრუნეთ. თუ არ დააკმაყოფილებთ, მითხარით რა ვთქვა, რომ მეც გამაძევოთ. მაინტერესებს, მეც თუ გამიშვებთ, ბოლო პროცესზე შევძლებ მოსვლას? მორალურ ჭრილში მინდა დაგანახოთ, ის არის ადამიანი, რომელიც შეწირულია ისეთ ამბავს, რომელმაც ბევრი კარგი რამ მოგვიტანა. ჯერ ის აბსურდი, რომ ეს ადამიანი ტყუილად ზის აქ და მერე, იმ ადამიანს ასე რომ ვექცევით. პროკურორებს მივმართავ, როცა ირაკლი ქერაშვილის დედა იყო ემიგრაციიდან ჩამოსული და შუამდგომლობა დააყენეს, ერთი ადამიანისთვის მაინც გახსნილიყო სხდომა და დედას შვილი მაინც ენახა, მაშინ დაეთანხმეთ ადვოკატს. არ არის აუცილებელი ყველაფერში შეეწინააღმდეგოთ ადვოკატებს. გიორგი ტერიშვილი არის ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი, ჩემს გაგდებას რაც შეეხება, მერე შუა პროცესში ან ლექსს მოვყვები ან რამეს",- განაცხადა ცხადაძემ.
შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. პროკურორის განმარტებით, ტერიშვილმა ერთ-ერთ მოწმეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს, ის სხდომათა დარბაზში არ უნდა დაბრუნდეს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.