ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში ის, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განიხილეს ბევრი საკითხი, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას.
„ჩვენ განვიხილეთ, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესები, გლობალურად მიმდინარე პროცესები და ის გავლენები, რაც ამ პროცესებს აქვს ჩვენს ქვეყნებზე და ჩვენს ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში ის, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე. საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად რჩება ორი რეგიონის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ეგ გამოწვევა არის არამხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის, არამედ გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ცალსახად აღინიშნა, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით არის იმაზე, დიდი ვიდრე ჩვენ დღეს გვაქვს გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ციფრები. რა თქმა უნდა, ჩვენ მოწადინებული ვართ, აქტიური მუშაობა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაიზარდოს, ამის პოტენციალი ნამდვილად არის.
ჩვენ ასევე ისაუბრეთ ჩვენ თანამშრომლობაზე უფრო ფართო, რეგიონულ ჭრილში. არაერთი ვიზიტი ვახსენეთ, რომელიც განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სწორედ ამ კონტექსტში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის, მეგობრობის და პარტნიორობის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია და კიდევ უკეთ გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ის საკითხი, რაზეც დღეს ასე ხშირად მიდის საუბარი, რომელიც ეხება შუა დერეფანს, უკეთ იყოს გამოყენებული და ათვისებული,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს იმ ურთიერთობებსაც, რაც უშუალოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს.
„ჩვენ მივესალმებით სამშვიდობო შეთანხმებას, რასაც იმედი გვაქვს, რომ ხელი მალე მოეწერება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული ჩვენ რეგიონში მშვიდობის განმტკიცებით და სტაბილურობით. მოხარულები ვართ, რომ 17 აპრილს გვქონდა შესაძლებლობა გვემასპინძლა სამმხრივი შეხვედრისთვის. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში, როდესაც სამივე ქვეყნის მინისტრის მოადგილეები თბილისში შეიკრიბნენ და განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი ამ ფორმატში თანამშრომლობა გავაგრძელოთ სამივე ქვეყანას შორის.
რეგიონში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში კიდევ უფრო მეტად ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, პარტნიორობა. ერთგვარად შესაძლებლობად შეიძლება განვიხილოთ ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს არის იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების დაცვით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით განვავითაროთ ფართო თანამშრომლობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მეტად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყნებს გააჩნიათ ამ მოცემულობაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.