ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლახან კანონპროექტის ტექსტი დავამტკიცე, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს - ტექსტი კარგად დაბალანსებულია

ახლახან კანონპროექტის ტექსტი დავამტკიცე, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ტექსტი კარგად დაბალანსებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის მოიცავს რეალურ ინსტრუმენტებს, რუსეთთან ნებისმიერ კავშირს გამორიცხავს და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კანონპროექტს უკრაინის უმაღლეს რადას დღეს წარუდგენს.

„მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უკრაინელის პოზიციას პატივი ვცეთ და მადლიერები ვიყოთ ყველასი, ვინც უკრაინას მხარს უჭერს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, სამშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. მიღებული კანონის წინააღმდეგ უკრაინაში ბოლო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება.

უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლეს რადაში საკუთარ კანონპროექტს წარადგენდა.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა