ადვოკატი - საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეზე 30 დაზარალებული გამოიკითხა და ბრალდებულების მიმართ პრეტენზიის შესახებ წინადადება აბსოლუტურად იდენტურია - ეს არის მტკიცებულება, რომ მათ მიღებული აქვთ საშინაო დავალება

დაუჯერებელია, 30 ადამიანი ერთი და იმავე აზრს ზუსტად ერთი და იმავე სიტყვებით და თანმიმდევრობით აყალიბებდეს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე 30 დაზარალებული გამოიკითხა და ბრალდებულების მიმართ პრეტენზიის შესახებ წინადადება აბსოლუტურად იდენტურია, - ამის შესახებ ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებზე.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ყველა მოწმე, რომელიც ამ საქმეზე იკითხება და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, სხვადასხვა სამუშაო გამოცდილების მქონე პირები არიან, იდენტურ ჩვენებებს იძლევა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია, წინასწარი შეთანხმების და გარიგების გარეშე მოხდეს.

„ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ პროკურატურიდან ან საგამოძიებო უწყებიდან ამ მოწმეებს აქვთ მიღებული საშინაო დავალება, რა კონკრეტული სიტყვათა თანმიმდევრობა უნდა გააჟღერონ სასამართლო სხდომის დარბაზში.

დღესაც და სხვა დროს, სხვა მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მათ პრეტენზია აქვთ კონკრეტული იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისინი დააზიანა, ხოლო სხვა ყველა ადამიანის მიმართ, ვინც სახელობით იდენტიფიცირებული არ არის, როგორც მათი დამზიანებელი, აქვთ ზოგადი გაკიცხვის სტანდარტი და მოთხოვნა, „მორალური პრეტენზია“, რატომ მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, თუ დადასტურდა, რომ მონაწილეობდნენ. გამოდის, რომ სამართლებრივად რელევანტური არ არის, რას ეუბნებიან ეს ადამიანები პრეტენზიასთან დაკავშირებით სასამართლოს“ ,- განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა