აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულეს

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულა.

ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურმა "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა.

"აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.

საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოვიდა 2024 წლის 11 ივნისს და ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, ინდივიდუალურად განხორციელდა მისამართზე მყოფი ყველა პირის სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა. ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი. მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან მიიღეს დახმარების შეთავაზებები.

გამოსახლების პროცესი, მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითაც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად, კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას.

ასევე, განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში. მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს", -ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.

ამ დროისთვის, ადგილზე კვლავ რჩება მცხოვრებთა ნაწილი, გარდა ამისა, ტერიტორიაზე შეკრებილი არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოსახლებულების მიმართ სოლიდარობისთვის მოვიდნენ.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა - ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო.

როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ხდება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

ადგილზე დღის განმავლობაში რამდენიმე პირი დააკავეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო