სუს-ი - დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი

სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.

მისი თქმით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

როგორც გაგნიძემ განმარტა, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ. იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვ. მ.-სთან ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ.

ამასთანავე, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.

შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.

გამოძიებით აგრეთვე დადგენილია მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - განაცხადა გაგნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს