უნიკალური შესაძლებლობა ქართული სტარტაპებისთვის - საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წვდომა MIT-ის GenAI Orbit პლატფორმაზე გაუზიარა.
Orbit არის MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც სტარტაპს იდეიდან გლობალურ ბიზნესამდე ზრდის. შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული სტარტაპებისთვის, დახვეწონ და განავითარონ თავიანთი იდეა. Orbit-ზე დაშვება მათ აქსელერაციის პროცესში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. Orbit-ში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება Bill Aulet-ის Disciplined Entrepreneurship 24-ნაბიჯის ჩარჩოს და ბიზნეს იდეების სწრაფ და ეფექტურ ანალიზს უზრუნველყოფს.

პლატფორმაში შედის MIT-ის მეწარმეობის ექსპერტების მიერ შექმნილი 5 000-ზე მეტი სტატია და 200-ზე მეტი კურსი, რომელიც სტარტაპერებს ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ინოვაციები, სტარტაპების მართვა და ტექნოლოგიური განვითარება და სხვა.
Orbit-ზე წვდომა ნიშნავს გლობალური ცოდნის მიღებას, წვდომას მსოფლიო დონის საგანმანათლებლო რესურსებზე; ასევე, უსაზღვრო შესაძლებლობებს, მათ შორის გლობალურად კონკურენტუნარიანი სტარტაპის შექმნის გაზრდილ შანსს.
პლატფორმის საქართველოში დანერგვა ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები და სამეწარმეო განვითარება ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადადის.
SEU აქტიურად ჩაერთვება Orbit-ის დანერგვის პროცესში. ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ MIT-ის პროფესორები და MIT-ში გადამზადებული SEU-ს აკადემიური აფილირებული პერსონალი.

აღსანიშნავია, რომ MIT აღნიშნულ პლატფორმაზე წვდომას ბევრ უნივერსიტეტს უხსნის, თუმცა შეუზღუდავი წვდომა მსოფლიოში ხუთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხოლო რეგიონში, მხოლოდ SEU-ს აქვს.
როგორც SEU-ში აღნიშნავენ, უნივერსიტეტის მიზანია, რეგიონში გააუმჯობესოს სამეწარმეო განათლების ხარისხი და განავითაროს სტარტაპ ეკოსისტემა. მათივე თქმით, MIT-თან ექსკლუზიური პარტნიორობა და GenAI Orbit პლატფორმაზე შეუზღუდავი წვდომა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მისიის რეალიზებისთვის.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში შეიქმნას სამეწარმეო და ინოვაციური ეკოსისტემის ახალი ეტაპი, სადაც მსოფლიო დონის რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ინოვატორებისთვის და სტარტაპებისთვის. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ამ უნიკალურ პლატფორმაზე წვდომა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსაც ექნება“, - აღნიშნეს SEU-ში.
Orbit-ზე წვდომის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა GITA-ს აქსელერაციის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ბიწაძემ. მისი თქმით, პლატფორმის დახმარებით ლოკალური სტარტაპები შეძლებენ მსოფლიო სტანდარტით განვითარებას და რისკების მინიმიზებას ბიზნეს დაგეგმვის ეტაპზევე:
„საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, გაგვიზიარა წვდომა MIT-ს მიერ შექმნილი პლატფორმა ORBIT-ზე, რომელიც აერთიანებს MIT-ს მთელ ცოდნის ბანკს - 5,000+ სამეცნიერო სტატიას, 200+ მეწარმეობის კურსს და დახურული სამეცნიერო ბაზების რესურსებს. ORBIT-ზე წვდომა ქართულ სტარტაპებს აძლევს გლობალური დონის ინსტრუმენტებს და ცოდნას, რაც ადრე მხოლოდ MIT-ის სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი“, - განაცხადა აქსელერაციის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ბიწაძემ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან SEU-სთან ერთად ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო.
გაიგეთ მეტი SEU-სა და MIT-ის პარტნიორობის შესახებ: https://seu.edu.ge/ka/mit-mtc-seu
ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომელიც საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ანტრეპრენერული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. საერთო პროექტების ფარგლებში SEU-ს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ, MIT-ის კამპუსში გაიღრმაონ ცოდნა, შეხვდნენ „სილიკონის ველის“ ინვესტორებსა და გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის წამყვან ეკონომიკურ აქტორებს. GITA-სთვის GenAI Orbit-ზე წვდომის მინიჭებაც საერთო პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
(R)