თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 8 პირის საქმეში ე.წ. ფლეშკაზე ჩაწერილი ვიდეოს სხდომაზე ჩვენებას ეხება

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 8 პირის საქმეში ე.წ. ფლეშკაზე ჩაწერილი ვიდეოს სხდომაზე წარმოდგენა/ჩვენებას ეხება.

უფრო კონკრეტულად, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ მოწმის სახით წარმოადგინა საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ღუნაშვილი, რომელმაც თქვა, რომ „ფეისბუქიდან“ ვიდეო გადმოწერა, რომელსაც სხვა ვიდეოებთან ერთად, მეხსიერების ბარათზე (ე.წ. ფლეშკაზე) ინახავს. მისი განმარტებით, ე.წ. ფლეშკაზე შენახული ვიდეო და ის ვიდეო, რომელსაც წინა სასამართლო პროცესზე ხმა არ ჰქონდა, ერთი და იგივეა და აღნიშნა, რომ ვიდეო 14 წუთიანია. გამომძიებელმა სასამართლო სხდომაზე მეხსიერების ბარათზე შენახული ამ ვიდეოს ჩართვა მოითხოვა. აღნიშნულს ადვოკატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და განაცხადეს, რომ „პროკურატურა ცდილობს, შემოგვაჩეჩოს მტკიცებულება რომელიც საქმეში არ არის“.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განმარტებით კი, აღნიშნული ვიდეო საქმეს მტკიცებულებად არ დაერთვება, თუმცა აღნიშნული ვიდეო სხდომაზე ჩაირთვება. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა ბრალდებულების და დაცვის მხარისგან. ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, მოსამართლის ამ ქმედებით პროკურატურას „ნაუცბათევად შეკერილ საქმეში გაყალბებული მტკიცებულების ჩაკერების საშუალება მიეცა“.

„ყველა მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს ბრალდებულის დამნაშავეობის შესაფასებლად უნდა იქნეს სასამართლოში წარმოდგენილი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ სავარაუდო დანაშაულის ორგანიზებას, ხოლო დღეს პროკურატურამ ჩაიდინა გაუგონარი რამ როცა გამომძიებელს მოატანინა „ფლეშკით“ [ვიდეო]. მან თავად აღნიშნა, რომ ჯიბეში მაქვს „ფლეშკაო“, რომელსაც არ გაუვლია არც ერთი ეტაპი, არც ექსპერტიზა. არც ვიცით რა ვიდეოა, ნამდვილია თუ არა და სასამართლომ სამწუხაროდ, შესაძლებლობა მისცა, რომ ეს მტკიცებულება ჩაირთოს სასამართლო პროცესზე და დაერთოს საქმეს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ ნაუცბათევად შეკერილ საქმეში გაყალბებული მტკიცებულების ჩაკერებაც კი ვერ მოახერხა. ახლა კი, მოძებნეს მოსამართლე, რომელიც ბევრი პროცესის მერე თამაშობდა დაცვის მხარის მიმართ ლოიალურად განწყობილ, ობიექტურ მოსამართლეს, საბოლოო ჯამში, ეს როლი დატოვა და გამოაჩინა საკუთარი სახე, რომ ის არის ისეთივე მოსამართლე როგორიც „კლანის“ ნებისმიერი სხვა დავალების შემსრულებელი მოსამართლე“, - განაცხადა თუთბერიძემ.

მან განმარტა, თუ რა პროცედურების გათვალისწინებით უნდა დაერთოს საქმეს აღნიშნული ვიდეო სხდომაზე წარდგენის შემდეგ.

„მოწმეს კანონმდებლობით უფლება აქვს ისარგებლოს გარკვეული ჩანაწერით, ეს ნორმა მიმართულია იქითკენ, რომ მოწმეს თუ რამე დიდი, სპეციფიკური ჩვენება აქვს, მაგალითად, ციფრები, თარიღები უნდა დაიმახსოვროს და ა.შ. ამისთვის მას შეუძლია ჰქონდეს ჩანაწერი, რომელსაც დახედავს - ეს იქნება მობილური, ჩანაწერი, ნახაზი და ა.შ. და მერე საშუალება აქვს გასცეს კითხვას პასუხი. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა აბსოლუტურად ულოგიკოდ და კანონის დარღვევით გაავრცელა სასამართლომ ჩანაწერზე და „ფლეშკაზე“, რომელსაც დაახვედრა იქვე, სასამართლოს მიერ მოწოდებული ლეპტოპი იმისთვის, რომ მთელ დარბაზს ეს ცრუ და დაუშვებელი მტკიცებულება მოესმინა. ამის შემდეგ ბატონი პროკურორი ადგება და იტყვის, რომ მე ვითხოვ, მოწმის მიერ გამოყენებული ჩანაწერის ნახვას და საქმისთვის დართვას, რის საშუალებასაც საპროცესო კოდექსი იძლევა. ამ გზით მოხდება უკანონო, დაუშვებელი მტკიცებულების ლეგალიზაცია და ამ ფორმით საქმეზე ჩაკერება და მიმაგრება”,-განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო