თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს

თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაფინანსდებიან მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს.

„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას ვიწყებთ. პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს. დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 20 000 ლარით, თანადაფინანსებაში განმცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა კი შემდეგნაირად განისაზღვრება: 5 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 10%; 5 001 – 20 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 15%.

„რაც შეეხება შეფასების მეთოდოლოგიას, ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ეფუძნება პროგრამის მიზნებსა და მხარდაჭერის ეფექტიანობას. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ აქტიური საწარმო და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას იმ დანადგარის ან აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს მათ საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განაცხადებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ინვესტიცია გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს ან გაზრდის წარმოების მოცულობას და შექმნის დამატებულ ღირებულებას - პროდუქტის ხაზის დანერგვა, არსებული პროდუქტის გაუმჯობესება ან საწარმოო პროცესის ოპტიმიზაცია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

ცნობისთვის, განაცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში