პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების - დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმეზე განაჩენი 8 აგვისტოს, 13:00 საათზე გამოცხადდება.
სწორედ ამ დღეს, ბრალდებულების საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.
დღევანდელ პროცესზე კი დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.