საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს აფილირებული პროფესორის სტატუსის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს, კონკურსის შედეგების თანახმად, უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის სტატუსის მოპოვებას ულოცავს. რექტორის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კონკურსში ჩართულობისა და აკადემიური პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის მეცნიერ-მკვლევრებს, პედაგოგებს, მათ შორის უცხოელ კოლეგებს, და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში ასევე მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო მასშტაბით სახელმოხვეჭილმა მეცნიერებმა. კონკურსის შედეგების თანახმად: სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში, ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ფიზიკის თანამედროვე ექსპერიმენტების მეთოდებსა და მონაცემების მიღება-ანალიზის მიმართულებით ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ფიზიკოსები: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორი, COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მრჩეველი სატოში მიჰარა; სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციათა კურსს წაუკითხავს ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი და ყოფილი რექტორი, ცნობილი მეცნიერი და ინჟინერი ლეჰ დენისი; სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტში ლექციებს წაიკითხავს კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი კოლინ რიგბი, რომელიც ასევე განავითარებს „მეწარმეობის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამას და იზრუნებს როგორც არსებული აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაძლიერება-განვითარებაზე, ისე მაღალი საფეხურის ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა-დაგეგმვაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ხაზს უსვამს კონკურსის მონაწილეთა პროფესიული კომპეტენციის მნიშვნელობას უნივერსიტეტის განვითარებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უმაღლესი განათლების ხარისხი, კვლევითი პოტენციალის გაძლიერება და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია უმაღლესი სკოლისთვის სტრატეგიული პრიორიტეტებია.

რექტორის თქმით, სწორედ მსგავსი დონის აკადემიური კადრების ჩართულობა განაპირობებს უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.

„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გულითადად გილოცავთ აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას! თქვენი პროფესიონალიზმი, კვლევითი გამოცდილება და აკადემიური შესაძლებლობები ის საძირკველია, რაზეც ჩვენი უნივერსიტეტი მომავალს აშენებს.

მოხარული ვართ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სწორედ თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ მომავალ ინჟინრებს, ტექნოლოგებს, მკვლევრებს, მეწარმეებს, ჰუმანიტარებს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა კვალიფიციურ ცოდნაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა.

ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელმისაწვდომობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისიაა, რაც თქვენი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით, საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. მჯერა, თითოეული თქვენგანის წვლილი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწრაფი განვითარების, ინსტიტუციური პროგრესისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების დანერგვის, საგანმანათლებლო პროცესისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, უნივერსიტეტის, მისი კურსდამთავრებულების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. თქვენი უშუალო ჩართულობით, ყველა ეს პროცესი შეუქცევადად აისახება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობის გაძლიერებაზე.

მისასალმებელია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო ჩართულობით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამუშაოები საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც აღიარებს უმაღლესი განათლების სისტემის როლის მნიშვნელობას ქვეყნის ინტელექტუალური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული წინსვლის საქმეში. რეფორმის განსახორციელებლად მუშაობს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის მთავარი ამოცანაა უნივერსიტეტების სისტემური გაძლიერება, სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეფორმის ამოქმედება მიზნად ისახავს ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რითაც სტუდენტებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესთავაზებს ინოვაციურ, საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებულ, მოქნილ და განვითარებაზე ორიენტირებულ სისტემას. ამავდროულად, რეფორმა ჩვენს ახალგაზრდებს გაუმარტივებს შესაძლებლობას, მიიღონ ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება საკუთარ ქვეყანაში.

კოლეგებო, გისურვებთ წარმატებას, ნაყოფიერ აკადემიურ საქმიანობას, შემოქმედებით წინსვლასა და არაერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას!“, - აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით ღია საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წლის 9 ივნისს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიებისა და მათი სამდივნოების შექმნის შესახებ დადგენილება აკადემიურმა საბჭომ 8 ივნისს მიიღო.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2021 წლის 30 ივნისის ერთობლივი სხდომის #01-05-17/07 დადგენილებით, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის მეორე მუხლის თანახმად: 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ირჩევს საკონკურსო კომისია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო