2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად
“არალეგალი მიგრანტების საქართველოდან გაძევება აუცილებელი პროცედურაა”
ვახტანგ მაისაია - “რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს”
* * *
2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად
“ოპოზიცია ისევ დუმს - არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უკვე დაზუსტებით მონაწილეობენ, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაციას კვლავ არ ავრცელებენ. ამბობენ, რომ საბოლოო პასუხი 31 ივლისს იქნება. მმართველ პარტიაში მიანიშნებენ, რომ მათი წარმომადგენელი კვლავ კახა კალაძეა. ვინ იქნება ოპოზიციიდან მერობის სავარაუდო კანდიდატი და შეძლებს თუ არა საზოგადოებაში მხარდაჭერის მოპოვებას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მერობის კანდიდატურას უარყოფს, ის შესაძლოა მაინც წარადგინონ, რადგან 2015 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მას საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ ელისაშვილის კანდიდატურის წარდგენა მისთვის კომიკური იქნება. ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში არ ეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად.
“შეიძლება შედგეს კონკრეტული შეთანხმება. ვიცით, რომ ელისაშვილმა უარყო, რომ ის იქნება მერობის კანდიდატი, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ის მაინც იყოს - მე ასე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ის აღნიშნულს უარყოფს. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ თავის დროზე, 2015 წელს, როცა გაიმართა მუნიციპალური არჩევნები, თუ არ ვცდები, ჩუღურეთი ან საბურთალო იყო, “ოცნებას” რეიტინგი მაშინ ძალიან მაღალი ჰქონდა - ელისაშვილმა მანდ მოიპოვა გამარჯვება. ვფიქრობ, ელისაშვილს გარკვეული რესურსი შეიძლება ჰქონდეს. სხვათა შორის, მერობაზეც იყარა კენჭი - 18% აიღო. დღეს კი, ბატონო, სხვა ვითარებაა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ელისაშვილის წარდგენა მაინც მოხდეს. და თუ ეს არ გამართლდა, კონკრეტულ ადამიანს მართალია, ვერ დაგისახელებთ, მაგრამ შესაძლებელია შეთანხმება მოხდეს და მერობის კანდიდატი არ იყოს არც გახარიას პარტიიდან და არც “ლელოდან”, არამედ იყოს პირი, რომელიც ოპოზიციურადაა განწყობილი და ემხრობა იდეას, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს არჩევნებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“მე არ მეგულება არავინ - რადგან მოხდა დისკრედიტაცია მეტ-ნაკლებად ცნობილი პირებისა, მე უბრალოდ ოპოზიციაში არავინ მეგულება. ყველამ გავიცინეთ, როცა გავიგეთ, რომ “ლელო” აპირებდა ელისაშვილის წარდგენას - ნამდვილი კლოუნი. ჩვენ ყველას გვახსოვს მისი გამოსვლები ტელევიზიით - ლანძღავდა, საკუთარი ღირსების შელახვის დონეზე სხვებს, შემდეგ იგივე დონეზე აქებდა. ეს ყველაფერი ხალხს ახსოვს. მოკლედ, კურიოზული პიროვნებაა, და ამის წარდგენაზე საუბრობდნენ... ოპოზიციას რჩება ის, რომ მოძებნონ საზოგადოებისათვის ცნობილი ფიგურა, რომელიც არ არის გასვრილი მათ ბინძურ საქმეებში. მაგრამ მოძებნიან? არსებობს ასეთი? უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც თბილისელები გამოუცხადებენ ნდობას, ხელს მოკიდებს მერობის ურთულეს საქმეს თბილისში და დაიცავს ქალაქელების ინტერესებს - მთელი საქართველოსთან ერთად. მე ვერ წარმომიდგენია, იპოვიან თუ არა ასეთ ადამიანს. ელისაშვილზე თუ არის ლაპარაკი - ნებისმიერს შეუძლია მოკიდონ ხელი და წარადგინონ. მაგრამ ეს კიდევ ერთი კომედია იქნება. შეიძლება წარადგინონ ციხეში მჯდომი ადამიანი? ხაზარაძე ან ჯაფარიძე? - შეიძლება, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციას კალაძისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება - იმის ფონზე, რომ “ნაცმოძრაობისა” და კოალიცია “ცვლილებებისთვის” მომხრეები არ იზიარებენ იმ იდეას, რომ ოპოზიციამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. გამომდინარე აქედან, რომ კალაძე არ იყოს და სხვა იყოს, “ოცნების” ამომრჩეველი არჩევნებზე მაინც მივიდოდა - დიდ ქალაქებში განსაკუთრებით, როცა, ვთქვათ, ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი უბრალოდ არ მივა. ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდებათ იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, კალაძისთვის და “ოცნებისთვის” კონკურენციის გაწევა. დღეს არავინ ჩანს, რომ მერობის არჩევნებზე მეორე ტური მაინც “გაქაჩოს”. დღეს ასეა. ჩემი შეფასებით, ხალხი პიროვნებას აძლევს ხმას - ლიდერს. იმას კი არ უყურებენ, სიაში ვინ ჰყავთ ჩაწერილი - აი, ლიდერს აკვირდებიან. ასე იყო ამ წლების განმავლობაში. და ასეთი ლიდერი ოპოზიციაში არ ჩანს. ამიტომაც, ვფიქრობ, ოპოზიციას დღევანდელი მოცემულობით, დიახ, კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება”, - დაასკვნის მამრაძე.
“მედიაში, განსაკუთრებით სამთავრობო ტელეკომპანიებში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ლელოსა” და გახარიას მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნებოდა. თუმცა თავად ელისაშვილი ამას უარყოფს: “სამწუხაროდ, „რუსთავი 2” თანდათან სჯობნის ტყუილებში “იმედს” და “პოსტ ტვ-ს”. გუშინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პარტია და გახარიას პოლიტიკური ჯგუფი 31 ივლისის მერობის კანდიდატად წარმადგენენ - ტყუილი იყო ეს ამბავი. 31 ივლისი მოვა, “აღდგომა და ხვალეო”, ვნახოთ აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია, 2 დღე დაელოდეთ და გაიგებთ, წარმადგენენ, არ წარმადგენენ ან ვის წარადგენენ საერთოდ... ბევრ კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მსჯელობა. 31 ივლისს დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ”- განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტს. დარდა ამისა, მან თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმიტომ, რომ ეს არის პირველი დონის ხელისუფლება. ყველაზე მეტად ხალხს რაც სჭირდება, ის პრობლემები უნდა მოაგვაროს თვითმმართველობამ, როგორც საკრებულოებმა, ასევე გამგეობებმა, მერიამ. ჩვენი, მოღალატეების ხელისუფლება ერთადერთი რამით არის დაკავებული, რომ არჩევნების წინ მოგვატყუოს და არჩევნების მერე არ გააკეთოს არაფერი და თან ფული მოიპაროს”, - თქვა ელისაშვილმა. მმართველი პარტიის წევრები კი ამბობენ, რომ ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი რაც შეიძლება მალე დაასახელოს, რათა მათ კანდიდატზე “ყველამ ერთად ვიცინოთ”. ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ “ქართული ოცნება” კვლავ კახა კალაძეს წარადგენს, მათ კანდიდატის დასახელება გაუადვილდებათ. შარმანაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში “ოცნება” კვლავ კახა კალაძეს წარადგენს: “ცალსახად, გადაჭრით და პირდაპირ ითქვა, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ასე რომ, ამ თემაზე დისკუსია ალბათ უნდა დაიხუროს”, - თქვა მან”, - დასძენს გამოცემა.
“არალეგალი მიგრანტების საქართველოდან გაძევება აუცილებელი პროცედურაა”
“მაღალი მიგრაციის ფონზე საქართველოდან არელეგალურად მყოფ უცხოელებს აძევებენ. მიმდინარე წლის პერიოდში ქვეყნიდან იმაზე მეტი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 2024 წლის მთლიან მონაკვეთში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მთავრობა უცხოელებისთვის საქართველოში ცხოვრების, ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოპოვებისთვის პირობები გაამკაცრა. უკვე ძალაშია “შრომითი მიგრაციის კანონში” დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ. კანონის შემოღების პარალელურად, ქვეყნიდან არალეგალურად მყოფ მიგრანტებს უშვებენ, 2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ამ პერიოდში გაძევებული პირების რაოდენობა 233%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშან 7 თვეში უცხო ქვეყნის დაახლოებით 274 მოქალაქე გააძევეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არალეგალი მიგრანტების საქართველოდან გაძევება აუცილებელი პროცედურაა” / 2025 წლის 7 თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე გაუშვეს.
“ივნისში შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე, ბოლო დღეებში კი 15 ქვეყნის 36 მოქალაქის გააძევა. ბოლო დღეებში გაძევებული პირები აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინების და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევების პოლიტიკას დადებითად აფასებენ სპეციალისტები. როგორც სოციოლოგი პაატა აროშიძე ფიქრობს, ასეთი ქმედებით სახელმწიფო ასრულებს თავის მოვალეობას. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ვინ და რატომ შემოდის საქართველოში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პირველ რიგში, არალეგალი მიგრანტების საქართველოდან გაძევება აუცილებელი პროცედურაა, რადგან სახელმწიფო ასრულებს თავის მოვალეობას, - რა თქმა უნდა, აუცილებელია, სახელმწიფომ თავისი საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულოს. სხვანაირად გამოვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა და დარჩენა. რაც შეეხება მიგრანტების რაოდენობასა და შემოსვლის მიზანს, ეს რამდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს. მაგალითად, ინდოელების უმეტესი ნაწილი საქართველოში შემოსულია სწავლისათვის. ანუ, ისინი აბარებენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლის დასრულების შემდეგ უკან მიდიან. ამ ნაწილში ყველაფერი კანონის ფარგლებშია. მიგრანტების მეორე ნაწილი სამუშაოდ შემოსულები არის. ისეთები, როგორებიც არიან თურქები, ჩინელები, ვიეტნამელები და ა.შ. როდესაც ინვესტორი და დამსაქმებელი უცხოელია, ისინი ეძებენ იაფ მუშა ხელს და მიგრანტები შემოჰყავთ იაფი მუშა ხელის სახით. აქაც, კანონი არ ირღვევა, რადგან შემოსული არიან იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც ორმხრივი უვიზო რეჟიმია გავრცელებული. ისინი სამი თვის განმავლობაში არარეზიდენტი ფიზიკური პირები არიან და სამი თვის შემდეგ ჩანაცვლდებიან სხვებით, საშემოსავლო გადასახადი რომ არ იქნას გადახდილი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.
“მიგრანტების მესამე ნაწილი არის რუსეთიდან და უკრაინიდან ომს გამოქცეული მოქალაქეები და ყველაზე მეტად აქ ესენი არიან დამკვიდრებულები, რადგან მათ საქართველოში ნახეს თავიანთთვის შესაფერისი გარემო. ისინი მუშაობენ ონლაინ და აქვთ თავიანთი კაფე-ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები. შემოსავლების სამსახური კი ასეთი უკანონო კაფე-ბარების გამოსავლენად აქტიურად მუშაობს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინაშიც კი აქვთ მოწყობილი ასეთი ადგილები. ზოგადად, მიგრაციის პრობლემა ყველა ქვეყანას აწუხებს და საქართველო გამონაკლისი არაა”, - დაასკვნის პაატა აროშიძე.
“უნდა მოხდეს კანონის გამკაცრებაც და არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევებაც. მით უმეტეს მაშინ, როდესაც არაა დიდი განსხვავება ქართველების საქართველოდან წასვლასა და უცხოელების აქ შემოსვლას შორის. ასე, რომ ქვეყანა სრულიად უფლებამოსილია იყოს საქმის კურსში და შესაბამისი რეგულაციაც გაატაროს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი საქართველოში მყოფ უკანონო მიგრანტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების ან მათი ქვეყნიდან გაძევების. საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობა ჰყავს და როდესაც ყოველწლიურად 10-ათასობით მიგრანტი შემოდის, რეგულაცია ყველა მხრივ უნდა იყოს, მათ შორის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. - მათგან მიღებული რამე სახის შემოსავალი კი ეროვნულ ინტერესს ვერასოდეს ვერ გადაფარავს. ცხადია, კონტროლი საჭიროა, რადგან ამას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც. უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ვინ და რატომ შემოდის საქართველოში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთო სილაგაძე.
ვახტანგ მაისაია - “რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს”
“რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. “რუსეთის ფედერაციას სურს, რომ შემოდგომიდან მოლდოვის რესპუბლიკაზე კონტროლი მოიპოვოს და სექტემბრის არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება”, - თქვა სანდუმ. მისივე თქმით, სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს საარჩევნო კორუფცია და რუსეთის მხრიდან არალეგალური საგარეო დაფინანსება წარმოადგენს. ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია რუსეთის მიერ მოლდოვას არჩევნებში ჩარევის გზებს განიხილავს და აღნიშნავს, რომ მისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს”" - სანდუ მოსკოვის არჩევნებში სერიოზულ ჩარევაზე საუბრობს.
“პრინციპში, ეს მართალია, რადგან წინა არჩევნებში მოსკოვი პირდაპირ იყო ჩარეული და ახორცილებდა ზემოქმედებას, მათ შორის ეს იყო ფინანსური დახმარება პრორუსული ძალებისთვის. ასევე, ის ახალისებდა დნეპრისპირეთში სეპარატისტულ ჯგუფების ლიდერებს და აქტიურად იყენებდა საინფორმაციო და კიბერ ომის ელემენტებს. სხვათა შორის, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები ხორციელდებოდა ნატოს წევრი ქვეყნებიდანაც. ჩეხეთიდან და პოლონეთიდან რუსეთი ახერხებდა მოლდოვის პოლიტიკურ სისტემაზე გავლენის მოხდენას. ამიტომ ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მოლდოვაში სიტუაციის არევა, ვინაიდან ჯერ ერთი, მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი გაეზარდა. სავსებით რეალურია, რომ რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს სულ უფრო რეალური ხდება. მართალია მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობაზე პრობლემა აქვს, თუმცა არსებობს კვიპროსის მაგალითი, რომელსაც იგივე ვითარება აქვს, მაგრამ ევროკავშირის წევრი არის. ასე რომ, მოლდოვას ამ მხრივ პრობლემა არ ექნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30% ევროკავშირის მოქალაქედ ითვლება, ანუ მათ აქვთ რუმინული პასპორტები. ასევე, საინტერესო ფაქტი არის ის, რომ სეპარატისტული რეგიონის სავაჭრო ბაზარი ევროკავშირისაზეა მიმართული. ალბათ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მოლდოვის ეს კონკრეტული მაგალითი საქართველომაც გაითვალისწინოს, რომ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ეკონონიკა ევრობაზარზე იყოს მიბმული და არა რუსეთის. ეს ნამდვილად კარგ დივიდენდებს მოგვიტანდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოლდოვის ევროკავშირის წევრობა რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხეა. რუსეთს უნდა, რომ ხელში ოდესა ჩაიგდოს და იგივენაირი ოკუპაცია მოახდინოს, როგორც თავის დროზე ყირიმის შემთხვევაში გააკეთა. მისი სურვილია, ეს ქალაქი აქციოს რუსულად, გაავრცელოს თავისი იურიდიქცია. ოდესის ოკუპაციის ამბავი შეუძლებელია მოლდოვის კონტროლის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან რთულია, რადგან დნეპრისპირეთი პირდაპირ ემიჯნება ოდესას”, - განმარტავს რესპონდენტი.
“შესაბამისად, თუ მოლდოვაში პრორუსული ძალები მოვლენ და ეს ქვეყანა გახდება თუნდაც პროევრაზიული ორიენტაციის, როგორც საქართველოს შემთხვევაშია, უფრო იოლი იქნება რუსეთისთვის ოდესაზე პირდაპირი ზემოქმედების განხორციელება. ამას მოჰყვება ისიც, რომ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება, ვინაიდან როგორც ვთქვი, რუსეთისთვის ეს არის პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური საფრთხე. ამასთან, მოლდოვაზე კონტროლი რუსეთს საშუალებას მისცემს მთლიანად შავიზღვისპირეთი გააკონტროლოს. ეს სამი ძირითადი მიზეზია, რატომაც შეეცდება რუსეთი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.