საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრარული სექტორისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. უნივერსიტეტი მრავალი წელია მიზანმიმართულად მუშაობს ადგილობრივი პრაქტიკის ანალიზზე, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლასა და მისი ჩვენი ქვეყნის პირობებთან შესაბამისობაში ადაპტირებაზე, რაც, თავის მხრივ ემსახურება საქართველოში მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა და მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის მოდელის ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დელეგაციამ საერთაშორისო პროექტის - „ოჯახური მეურნეობებისა და მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების განვითარება ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება“ - ფარგლებში, ჩეხეთში გამართულ ხუთდღიან საერთაშორისო ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა.
პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სოფლის მეურნეობის სექტორი ძირითადად ოჯახურ მეურნეობებზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ მეურნეობებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ ძირითადი გამოწვევა გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მდგრადი პოზიციის შენარჩუნებაა. როგორც ჩხარტიშვილი აცხადებს, პროექტის მიზანი სწორედ ამ გამოწვევებზე რეაგირება და პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში უკვე აპრობირებულ, წარმატებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით ბიზნესსტრატეგიებისა და მოდელების გაზიარებაა, რაც საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ოჯახური მეურნეობების გაძლიერებას და მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების (SFSC) დანერგვას შეუწყობს ხელს.
„SFSC-ის მოდელი ეფუძნება ადგილობრივი ბაზრების გამოყენებას, პროდუქციის ფერმიდან პირდაპირ გაყიდვას, სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენებასა და მარკეტინგის ინოვაციურ მიდგომებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფერმერებისა და მომხმარებლების შორის კავშირის აღდგენას და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო ინიციატივებში, რომლებიც ორიენტირებულია ფერმერთა საქმიანობაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრარული სექტორის მხარდაჭერა მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლოს და მჭიდროდ უკავშირდებოდეს ადგილობრივ საჭიროებებსა და პრაქტიკულ განვითარებას. მიმდინარე პროექტი ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების (SFSC) მოდელები აითვისონ, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ ბაზარზე პოზიციონირებასა და მდგრად განვითარებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ ფერმერებთან საქართველოში, სადაც მათთან მოხდება პრაქტიკული მაგალითების გაზიარება, მორგებული ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ რეალობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციურ სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით დანერგონ SFSC პრინციპები თავიანთ საქმიანობაში და გააძლიერონ ეკონომიკური მდგრადობა“, - განაცხადა ნინო ჩხარტიშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო პროექტი - „ოჯახური მეურნეობებისა და მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების განვითარება ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება“, Visegrad+ Grants-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მას კოორდინაციას უწევს მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში.