ირაკლი კობახიძე - მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში აუცილებლად შევასრულებთ

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე და მეტი სიკეთე საქართველოს თითოეულ კუთხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, აუცილებლად შეასრულებს ამოცანას, რომელიც გულისხმობს საქართველოში მშვიდობას და თითოეული კუთხისთვის მეტ სიკეთესა და განვითარებას.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევასრულებთ.

კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. 2012 წლიდან საქართველოს აქვს 13-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, უკვე მეხუთე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელსაც, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, დღეს დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ.

მან გასული 8 წლის განმავლობაში გაკეთებული საქმეები მოკლედ მიმოიხილა, მათ შორის, შეეხო თბილისის გამწვანებას, დედაქალაქის მნიშვნელოვანი ობიექტების რეაბილიტაციას, სატრანსპორტო პოლიტიკას, ავარიული კორპუსების გამაგრების და ჩანაცვლების პროგრამებს.

„გასული 8 წლის განმავლობაში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა:

თბილისი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დედაქალაქი: მოეწყო 2,500-ზე მეტი ახალი და განახლებული პარკი და სკვერი; აღდგა და განახლდა ტყე 142 ჰექტარ ფართობზე; დაირგო 665 ათასზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის 100-მდე უმნიშვნელოვანეს ობიექტს, მათ შორის - ორბელიანის მოედანს, გუდიაშვილის მოედანს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს, დარეჯან დედოფლის სასახლეს, დედაენისა და 9 მარტის ბაღებს;

ქალაქს შეემატა 916 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი; სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი; მეტროს დაემატა და ემატება 138 ახალი ვაგონი, შეკეთდა 208 ვაგონი; რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2 მეტროსადგურს; დაიხაზა ავტობუსის 81-კილომეტრიანი და ველოსიპედის 40-კილომეტრიანი ზოლები; ამოქმედდა 90-წუთიანი უფასო გადაჯდომის ტარიფი და შეღავათიანი სამგზავრო აბონემენტები; მოეწყო და უახლოეს მომავალში მოეწყობა ჯამში 300-მდე ელექტროდამტენი ელექტრომობილებისთვის; 3 ეტაპად გატარდა ტაქსების მასშტაბური რეფორმა;

700-ზე მეტ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა გამაგრება; ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით უახლოეს მომავალში ბინას დამატებით 1,100 ოჯახი მიიღებს; დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი მიიღო 12,000-მდე დაზარალებულმა ოჯახმა; სამშენებლო ამნისტიის პროექტის შედეგად, უფლებრივად უნაკლო ბინა 30 ათასზე მეტმა თბილისელმა მიიღო;

თბილისში მოწესრიგდა მრავალი გამზირი, ქუჩა და გზა: შეკეთდა და რეაბილიტირდა 8,5 მილიონი მ2 გზის საფარი; რეაბილიტირდა და მოწესრიგდა 1,754 ქუჩა და გამზირი; აშენდა ახალი გზები, ესტაკადები, პანდუსები, საავტომობილო ხიდები და გვირაბები; 2,000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოსაწესრიგებლად; გამაგრების სამუშაოები ჩატარდა 800 მისამართზე; 128,000 მ2 ფართობზე დამონტაჟდა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები; მოეწყო გარე განათების ახალი ქსელები - დამონტაჟდა 7,500 ბოძი და 20,000 სანათი, მოეწყო 3,800 მხატვრული მინათების სანათი;

თბილისი გახდა უფრო მზრუნველი ქალაქი ბავშვებისთვის: აშენდა და გაიხსნა 26 ახალი საბავშვო ბაღი, სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 14 საბავშვო ბაღს, სრულად გარემონტდა 8 საბავშვო ბაღი, შენდება 6 ახალი საბავშვო ბაღი და სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 2 ავარიულ საბავშვო ბაღს; დაინერგა ბავშვთა უსაფრთხოებისა და საბავშვო ბაღის მართვის თანამედროვე სტანდარტები; გაორმაგდა საბავშვო ბაღების 13,500 თანამშრომლის ხელფასები; მომზადებისა და გადამზადების კურსები გაიარა საბავშვო ბაღების 9,000-მდე თანამშრომელმა;

მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა; 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას; 1,375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800-ლარიან დახმარებას; 10,000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს და მოზარდს უფინანსდება სწავლა ახალგაზრდობის სახლებსა და ეროვნულ სასახლეში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებზე; 73 ათასზე მეტი პირი დაფინანსდა სოციალურად დაუცველ პენსიონერთა 500-ლარიანი მედიკამენტების პროგრამით; 347-ჯერ გაიცა 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულებზე ერთჯერადი დახმარება 1,000 ლარის, ხოლო 2025 წლიდან - 10,000 ლარის ოდენობით;

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელდა 5 ათასზე მეტი პროექტი და ინიციატივა; სწავლა დაუფინანსდა 19,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ, 4,000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს; 5,000-მდე წარმატებული მაგისტრანტი გახდა თბილისის მერიის სტიპენდიატი; პროფესიული განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, 11,000-ზე მეტი თბილისელი გადამზადდა, საიდანაც 75% დასაქმდა; 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის, 2025 წელს კი - სპორტის ქალაქის სტატუსი; აშენდა და რეაბილიტირდა 500-ზე მეტი სპორტული მოედანი; აშენდა 5 სპორტული კომპლექსი; ამოქმედდა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მუზეუმს, 8 სახელოვნებო სკოლას და 5 ბიბლიოთეკას.

ეს არის იმ საქმეების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც გასული 8 წლის მანძილზე თბილისისთვის და თბილისელებისთვის გაკეთდა. და ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული სიყვარულითა და მზრუნველობით თბილისისა და თბილისელების მიმართ. ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული პროფესიონალიზმით და გამორჩეული გემოვნებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო