გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე - პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება - საქართველოს წინააღმდეგ სცენარში ერთ-ერთი დეტალი პოლიციელისთვის შეურაცხყოფაა

პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა და ფიზიკური ზემოქმედება, უხეში სიტყვის თქმაც კი განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება - საქართველოს წინააღმდეგ შექმნილ სცენარში ერთ-ერთი დეტალი პოლიციელისთვის შეურაცხყოფაა, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვოლსკიმ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა გარკვეული წინასწარდაგეგმილი ქმედებაა იმისთვის, რომ დაუსჯელობის და განუკითხაობის ატმოსფერო შეიქმნას.

„ამ თემაზე შეიძლება ადამიანურად იმსჯელო და თქვა, დასანანია, რომ ქალბატონია დასჯილი, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიციელისათვის არა თუ ხელის დარტყმა და ფიზიკური ზემოქმედება, არამედ უხეში სიტყვის თქმაც კი განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება - ამის მაგალითები გვაქვს.

პოლიციელის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება არა იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენა კონკრეტული ადამიანის მიმართ ხდება, არამედ ამ შემთხვევაში პოლიციელი არის სახელმწიფოს დაცვის სიმბოლო.

პოლიციელისთვის ხელის გარტყმა არის გარკვეული წინასწარდაგეგმილი ქმედება იმისთვის, რომ დაუსჯელობის და განუკითხაობის ატმოსფერო შეიქმნას, რომ სახელმწიფოს სტრუქტურები არ არსებობს, რომ შეიძლება პოლიციელის ხელი დაარტყა და ამისთვის არაფერი მოგივიდეს. იგივე რომ ნებისმიერ დემოკრატიაში მოხდეს, პასუხი ძალიან მძიმე იქნება - დაწყებული ფიზიკური ზემოქმედებიდან, დასრულებული სასამართლო გადაწყვეტილებით.

ადამიანურად ახალგაზრდა ქალის მიმართ შეიძლება ემპათია გამაჩნდეს, მაგრამ არსებობს კოდექსი, კანონი და კანონი ყველამ უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევის პროცესი განვითარდება.

ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შექმნილი სცენარი, რომელშიც ერთ-ერთი დეტალი არის პოლიციელისთვის შეურაცხყოფა, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია