დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ იწვევენ ევროპულ საქმეთა მინისტრების სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს, როცა მას უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები დაესწრებიან

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა - დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუს“ წერილობით აცნობა, რითაც უპასუხა სააგენტოს შეკითხვას, რატომ არ არის საქართველო მიწვეული 1-2 სექტემბერს დანიაში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც დანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, დანია პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრაქტიკას მიჰყვება.

„დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება:

2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. დანიის მხრიდან [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს“, - აცხადებენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად 1-2 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება.

ლიდერების შეხვედრა დანიაში გაიმართება. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი სამუშაო სესია კოპენჰაგენის კრიტერიუმების მნიშვნელობას დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორები და თურქეთი.

მეორე სამუშაო სესიის დროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ევროკავშირის კანონის უზენაესობის ინსტრუმენტების გაძლიერებას განიხილავენ.

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველო ნახსენები არ არის.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი