საგამოძიებო სამსახური - დაკავებული არიან ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერები - კომპანია ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის სამი მენეჯერი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის, აპლიკაციისა და მომსახურების ოფისების მეშვეობით.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია ახორციელებდა ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას და ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას. ასევე, კომპანია ასრულებდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქციას.

„კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად, არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაყადაღებულია აღნიშნულ პირთა ქონება და ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებული ოფისებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდების გამოსავლენად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს