ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი, რომელიც ხვალ უნდა გამოცხადებულიყო, მეორედ გადაიდო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი, რომელიც ხვალ, 8 აგვისტოს უნდა გამოცხადებულიყო, მეორედ გადაიდო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიგაურის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მას სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პროცესი გადაიდო. ცუცქირიძე ვარაუდობს, რომ განაჩენი ორშაბათს ან სამშაბათს გამოცხადდება.

ხვალინდელ სხდომაზე ანატოლი გიგაურის საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი უნდა გამოეცხადებინა.

თავდაპირველად ეს მოსამართლეს 28 ივლისს უნდა გაეკეთებინა, თუმცა, მხარეთა რეპლიკების მოსმენის შემდეგ, ნაჭყებიამ მოულოდნელად, ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე სხდომა გაურკვეველი ვადით გადადო. მოსამართლის განმარტებით, რამდენიმე საკითხი იყო, რასაც გულდასმით შესწავლა და დრო სჭირდებოდა, მათ შორის, ნაჭყებიამ ახსენა, რომ საქმეში „აუცილებელი მოგერიებაც“ იყო გაჟღერებული.

თუ რა გახდა ამჯერად პროცესის გადადების მიზეზი, ეს უცნობია.

რაც შეეხება საქმეს და ბრალდებას, ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ანატოლი გიგაური, როცა მან პოლიციელს ხელი მოუქნია, თვითდაცვის მოქმედებას ახორციელებდა და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალიდან ჩანს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახის არეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით კი, გიგაური პოლიციელს თავს დაესხა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება