საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მკვლევრის, საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსის, ღირსების ორდენის კავალერის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, გარდაცვლილის კილეგებს, მეგობრებსა და აღზრდილებს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ინჟინრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი ნუგზარ უფლისაშვილის მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობა, ენერგეტიკის სფეროში შეტანილი გამორჩეული წვლილი და პედაგოგიური საქმიანობა შეუფასებელი საგანძურია ჩვენი ქვეყნის აკადემიური და სამეცნიერო ისტორიისთვის. მის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და ინოვაციური მიდგომები დღემდე აქტუალურია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნუგზარ უფლისაშვილის ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდისა და პროფესიული გაძლიერების საქმეში. მას გამორჩეული პედაგოგიური მიდგომა და უნარი გააჩნდა, ახალგაზრდებში განევითარებინა არა მხოლოდ სპეციალური ცოდნა, არამედ პროფესიული ეთიკა და საქმისადმი ერთგულება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსამძიმრებთ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ცნობისთვის: ნუგზარ უფლისაშვილი მუშაობდა ხრამის ჰესების კასკადზე მორიგე ინჟინრად, ელექტრო ლაბორატორიის სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ინჟინრად; 1974-1978წწ. იყო "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერ სამსახურის დისპეტჩერი, უფროსი დისპეტჩერი; 1978-1980წწ. - მშენებარე ენგურჰესის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1980-1983წწ. - მუშაობდა სახელმწიფო ინსპექციაში; 1983-1985წწ. იყო შაორი-ტყიბულის ჰესების კასკადის დირექტორი; 1987 წელს - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე, ჰიდროტექნიკური სამსახურის უფროსი; 1988 წლიდან - ხრამჰესის კასკადის დირექტორი; 2000 წელს - "AES-ხრამის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2000-2004წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2004-2007წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტრო ენერგეტიკის დეპარტამენტში; 2007-2014წწ. მუშაობდა კომპანიაში "აუდიტ-შემეცნება", ექსპერტად; 2014 წლიდან კი "საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაში". ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, ენერგეტიკის, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის პრობლემებზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს