ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025

საქართველო სახდეპის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში და შეფასებები თბილისში

რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”

მთავრობამ რთველის სუბსიდირების მექანიზმი მთლიანად შეცვალა და წელს ფერმერებს სხვაგვარად დაეხმარებიან

* * *

საქართველო სახდეპის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში და შეფასებები თბილისში

“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველი ანგარიში გამოქვეყნა ადამიანის უფლებებზე, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. 2024 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანდო ცნობებით, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემებია, საუბარია ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, დაპატიმრებებზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, დაშინებაზე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებებზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე კრიტიკული ანგარიში ნიშნავს, რომ “მეგობარი აქტი” დაჩქარდება. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ “არანაირი კავშირი არანაირ ტიტუშკებთან სახელმწიფოს არ აქვს, ვერც ექნება და ყველა ნაბიჯი, რომელიც არის გადადგმული ზუსტად შესაბამისობაშია და გაცილებით უფრო რბილია იმასთან შედარებით, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ 2025 წლიდან განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველო სახდეპის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში და შეფასებები თბილისში.

“ასე რომ, ამ მოხსენებას მე ვერ დავარქმევდი ობიექტურს. პოლიცია თავს იცავს, პოლიცია სახელმწიფოს იცავს და არანაირი მოქმედებები არასდროს პოლიციას არ ჩაუტარებია ისეთი, თუ ამის პროვოცირება არ იყო საკმაოდ აგრესიული გზით. საერთოდ აშშ არ უნდა აქვეყნებდეს ამ ანალოგიურ ანგარიშებს, საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ყველა ქვეყნის მიმართ”, - თქვა ვოლსკიმ. “ნაცმოძრაობის” წევრი ლევან სანიკიძე კი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში “ქართულ ოცნებაზე” უკიდურესად კრიტიკულია და “მეგობარი აქტის” მიღებას აჩქარებს. “ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია “ქართული ოცნების” მიმართ. რაც პირდაპირ აჩქარებს “მეგობარი აქტის” მიღების პროცესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არანაირი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების... “მეგობარი აქტის” მიღება ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს “ქართული ოცნების” რუსულ რეჟიმს”, - თქვა სანიკიძემ. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი “რბილი შეფასებაა იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება, თუმცა “მეგობარი აქტის” - მიღება უფრო რეალური ხდება. აღნიშნავს გამოცემა.

“აშშ-ს მხრიდან სხვაგვარი შეფასებები რომ ყოფილიყო, ის უფრო მოულოდნელი და გასაკვირი იქნებოდა. მე რომ მკითხოს კაცმა, საკმაოდ რბილი შეფასებაა იმასთან შეფარდებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. გასაგებია გასული წლის ანგარიშია, მაგრამ არ არის ისეთი შეფასება, უფრო მკვეთრს ველოდი, ვიდრე არის. თუმცაღა, თუ დასავლეთი ასეთ მკვეთრ შეფასებებს აკეთებს, მერე უკვე მოქმედებებზე გადადის, თუმცა, აქაც უკვე უნდა ველოდოთ, რომ შემოდგომით არა მარტო “მეგობარი აქტი” იქნება მიღებული, არამედ უფრო მკვეთრი განცხადებები გაკეთდება და უფრო მეტად მოვხვდებით იზოლაციაში, თუ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით და ზოგადად ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რაღაც ქმედითი გადამჭრელი ზომები და სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღო. თუმცა, ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებამდე არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს. ამის შემდეგ კი შეიძლება გარკვეული ლიბერალური მიდგომები გამოიჩინოს, თუნდაც იმ ახალგაზრდა პატიმრების მიმართ, რომლებიც აქციების გამო დღეს ციხეში არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ დოკუმენტში ყველგან მინიშნებაა, რომ ანგარიშში წერია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისგან მოწოდებული ინფორმაცია. “ანუ არსად არაა, რომ ამერიკელებმა და საელჩოს თანამშრომლებმა დაადგინეს ეს და ეს. ეს მთლიანად ემყარება საქართველოში არსებული ენჯეოების ინფორმაციას და კარგად ვიცით ისინი რას წარმოადგენენ და მათი პოლიტიკური ორიენტაცია როგორია... როცა “გამჭვირვალობის კანონზე” ლაპარაკობენ, საქართველომ ბევრად უფრო რბილი კანონი მიიღო, ვიდრე აშშ-ში მოქმედებს? თუ იქ ეს კანონი კარგია და მისი წყალობით ამდენი რამე გავიგეთ - ის, რომ გიული ალასანია ლობისტებს მილიონ დოლარს უხდიდა სააკაშვილზე ტყუილების გასასაღებლად, რომ ვითომ შიმშილობდა და ვითომ კლავდნენ, ასევე ახლა რომ გავიგეთ, რომ ჯო უილსონს “ნაცმოძრაობა” ფულს უხდის, როგორც თავის ლობისტს და ეს დოკუმენტი ფარა-ს მეშვეობით გამოქვეყნდა” - აცხადებს მამრაძე, რომლის თქმით, “იქ ეს კანონი თუ კარგია, აქ როგორ გვსაყვედურობენ?” - განაგრძობს გამოცემა.

“თუ პრეზიდენტმა ტრამპმა ოჯახური ფასეულობების ერთგულება ამდენჯერ გამოაცხადა და ხმამაღლა თქვა, რომ ორი სქესი არსებობს, ამ კანონში რაღაა? თუკი ქვეყანას აბრალებ, რომ ადმინისტრაციულმა რესურსმა შეზღუდა ტელევიზიები და სხვა, რას ეყრდნობი? მხოლოდ იმათ, ვინც ცილისწამებით არსებობს? ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში იმ რგოლებში მაინც, რომლებიც საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებზე მუშაობენ, ვინც ერთი გუნდია ანტიეროვნულ ძალებთან ერთად ამის შემდეგ დიდს არაფერს არ უნდა ველოდოთ. შესაძლოა, ჯო უილსონმა და ანტიეროვნული ძალების სხვა ლობისტებმა “მეგობარ აქტს”, სინამდვილეში მტრულ აქტს ახალი ძალებით შეუტიონ და ის მიიღონ. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მიიღებენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ. ეს არაფერს არ მოგვიტანს, რადგან აშშ სამხედრო ძალებით არ შემოგვიტევს, აგერ სააკაშვილის მოყვანილი რუსული ტანკები დგას. ჩვენი ვაჭრობა და ეკონომიკა აშშ-ზე სრულიად არაა დამოკიდებული”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“სახდეპის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების და 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების გაშუქებისას, რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიცია თავს დაესხა, შეავიწროვა, “წიწაკის სპრეი” გამოიყენა, ან აღჭურვილობა დაუზიანა. “7 დეკემბერს, 30-ზე მეტი “ტიტუშკა” (უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავებში იყვნენ გამოწყობილები და სახეები დაფარული ჰქონდათ) ფიზიკურად გაუსწორდნენ მომიტინგეებს, შემდეგ კი თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ. ჩიხლაძისა და შეწირულის ცემის შემდეგ, მათ შეწირულს ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომმა საპატრულო პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არ ჩაერია თავდასხმის შესაჩერებლად”, - დასძენს გამოცემა.

“ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მიიღეს შევიწროების და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და იყო ვანდალიზმის შემთხვევები მათი სახლებისა და ოფისების მიმართ, მათ შორის შეურაცხმყოფელი პლაკატების გამოფენისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევები. მთავრობამ გამოიძია ამ მოვლენებთან დაკავშირებული მოქალაქეების ტელეფონის ნომრებზე არაავტორიზებული წვდომა. მედია ომბუდსმენმა გამოავლინა უფლებების დარღვევისა და შეზღუდვების 15 შემთხვევა 15 ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებდნენ პარლამენტის წინ და მის გარშემო მიმდინარე საპროტესტო აქციებს. რამდენიმე საერთაშორისო მედიამონიტორმა, მედია ომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის აღჭურვილობის დაზიანება, სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმები და დაშინება. მთავრობას წლის ბოლოსთვის ეს ცნობები არ გამოუძიებია”, - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, “ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“თავდასხმები მოიცავდა ცემას და “წიწაკის სპრეის”, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა”. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის ოფიციალურ პირებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. “მედია ორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც შეუმსუბუქა სასჯელი 2021 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც 16 ნოემბერს ამნისტია შეეხოთ მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონპროექტის საფუძველზე. ამ თავდასხმების არცერთი ორგანიზატორისთვის ბრალი არ წაუყენებიათ”, - ნათქვამია დოკუმენტში”, - დასძენს სტატიის ავტორი.

რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”

“აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას. ევროპული ცენტრის კვლევების ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ თუ ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, ტრამპი პოლიტიკურად განადგურდება. “მე მგონია, რომ პუტინმა ტრამპს ეს შეხვედრა დროის გაწელვის მიზნით შესთავაზა. სინამდვილეში ტრამპის ულტიმატუმის ვადა გავიდა და იმისთვის, რომ რუსეთს სანქციები არ მიეღო, ეს შესთავაზა - მოდი შევხდეთო. მგონი პუტინს გეგმაში არ აქვს, რომ ახლა იმ პირობებს, რასაც უკრაინა დათანხმდება, ცეცხლი შეწყვიტოს. მას კიდევ იმედი აქვს, რომ ზაფხულის ბოლომდე, შეიძლება სექტემბერშიც მოახერხებს რაღაც ტერიტორიების ხელში ჩაგდებას.”, - აცხადებს გოგოლაშვილი, რომლის აზრით, “ამის მიუხედავად მისთვის თავის დაძვრენა ძალიან რთული იქნება და ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”.

“თუმცაღა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შეიძლება ნაწილობრივ მაინც მოხერხდეს. მაგალითად, შეწყდეს დაბომბვები ჰაერიდან და პუტინმა გააგრძელოს კვლავ უკრაინის ტერიტორიების შემდგომი დაპყრობის მცდელობა. ესეც შესაძლებელია, რომ მოხდეს. მთლიანად რომ შეწყდეს ცეცხლი, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რუსეთსაც ცუდად აქვს საქმე, განსაკუთრებით ეკონომიკაში. ამიტომ თუ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, შეიძლება რამდენიმე თვის მერე ძალიან გაუჭირდეს საომარი მოქმედებების გაგრძელება. აქ ახლა მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ტრამპმა ახსენა, რაღაც ტერიტორიები უნდა გაიცვალოსო და ა.შ. ეს ძალიან უცნაური განცხადებაა, რადგან ყოველ შემთხვევაში, უკრაინელებისა და ევროპელების მხრიდან აბსოლუტურად გამორიცხულია კიდე რაიმე ტერიტორიების დათმობა რუსეთისთვის”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ევროპული ცენტრის კვლევების ხელმძღვანელი.

“ამ მომენტში რუსეთი გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, აკონტროლებს კიდევ დაახლოებით 200 კვარდატულ კილომეტრ ტერიტორიას ხარკოვისა და სუმის ოლქში. ეს მაშინ, როცა მას პრეტენზია აქვს, რომ უკრაინამ მას უნდა ჩააბაროს დაახლოებით 24 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელიც კონსტიტუციაში შეიტანა, როგორც რუსეთის საკუთრება. აქ ტერიტორიების რაღაც პროპორციულ გაცვლაზე საუბარი ძალიან რთულია. თანაც უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ დათმობს იმ ტერიტორიებს, რომლისთვის იბრძოლა და ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვს. ამიტომ ძნელი იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. თუმცა როგორც ვთქვი, გამორიცხული არაფერია. რაკი პუტინს ამხელა აშშ-ს პრეზიდენტი ჩაჰყავს ალიასკაში, ესე იგი რაღაც ისეთი უნდა შესთავაზოს, რომლის მერეც ტრამპი დაიტრაბახებს. თუ ამ მოლაპარაკებებმა სრული ფიასკო განიცადა, ეს იქნება ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი”, - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.

მთავრობამ რთველის სუბსიდირების მექანიზმი მთლიანად შეცვალა და წელს ფერმერებს სხვაგვარად დაეხმარებიან

“ყურძნის სუბსიდირების სისტემა იცვლება და ამიერიდან კომპანიების ნაცვლად, ჭარბ მოსავალს სახელმწიფო ჩაიბარებს. თავის დროზე არაერთგზის გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, სუბსიდიისთვის უარის თქმა სახელმწიფოს ყოველთვის უჭირდა იმ მოტივით, რომ სექტორი ამისთვის მზად არ იყო. დღესდღეობით მიდგომა შეიცვალა და ყურძნის ფასიც გაიზარდა. სპეციალისტები თვლიან, რომ ახლა მთავარია, კონკურენციის პირობები მყარად იქნას დაცული და სახელმწიფოსთან მიმართებით, კომპანიები არაჯანსაღ პირობებში არ აღმოჩნდნენ. საყურადღებოა ფასის საკითხიც, რადგან საფასო სეგმენტში დივერსიფიცირებამ შესაძლოა, კომპანიების მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს. რაც შეეხება სიახლეს, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში “2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” ცვლილება შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობამ რთველის სუბსიდირების მექანიზმი მთლიანად შეცვალა და წელს ფერმერებს სხვაგვარად დაეხმარებიან.

“ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს “მოსავლის მართვის კომპანია” ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს. საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის. რთველის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. 2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია. ფერმერებისთვის ფაქტობრივად არაფერი იცვლება, თუმცა კომპანიებს შესასყიდი ყურძნის ღირებულება უძვირდებათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს. რთველი 2025-ის საკოორდინაციო შტაბის განთავსების მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გურჯაანი. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, დროთა განმავლობაში მექანიმი უფრო დაიხვეწება, მთავარია, კომპანიებს ჭარბი მოსავლის ჩაბარების ვალდებულება მოეხსნებათ”, - განაგრძობს გამოცემა.

“დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ნიადაგი, რომ ყურძნის სუბსიდიის მიმართულებით მიდგომა შეეცვალათ. ვფიქრობდი, რომ ასეც მოხდებოდა. ცალსახად კარგია, სწორია და ძალიან კარგი, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. საყურადღებო დეტალია ისიც, რომ ფასი გამოცხადდა რთველის დაწყებამდე, ადრე ასე არ იყო, რის გამოც ფერმერები ყოველთვის უკმაყოფილოები იყვნენ. მიმაჩნია, რომ სუბსიდია იყო დიდი შეცდომა, რასაც წლების განმავლობაში ვუშვებდით... როგორც ჩანს, სახელმწიფომ დაინახა საჭიროება, რომ ირიბი სუბსიდირება არ არის გონივრული გადაწყვეტილება და უნდა მოიხსნას. მოსავლის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო შეისყიდის, ესეც სუბსიდირების სხვა სახეობაა, მაგრამ სწორია”, - გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი სამანიშვილი,

“პირველ ეტაპზე კარგი დასაწყისია და ფერმერებს თანდათან მეტ სიახლეს შესთავაზებენ. ალბათ, საკმაოდ დიდ რესურსი დაიხარჯება. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოს მიერ წარმოებული ღვინო ან სპირტი არ შემობრუნდება ბაზარზე, რადგან ეს უკვე კონკურენციის პირობებს დაარღვევს. მსოფლიოში ამის არაერთი გამოცდილება არსებობს. წლებია ეს პრაქტიკაა, რომ სახელმწიფო იბარებს და ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება. ფერმერებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება, უბრალოდ, დრომოჭმული, უსარგებლო სისტემა გაჩერდა. არც მეღვინისთვის არის დიდი ცვილილება, თუმცა კომპანიების უმეტესობა შეიძლება თეთრ ყურძენზე დაფიქსირებული ფასით უკმაყოფილო იყოს, ცოტა მაღალი მოეჩვენოს. ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა მთლიანობაში ძალიან კარგი და მისაღები მექანიზმია, რაც რთველის წარმატებით ჩატარების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას”, - დაასკვნის გიორგი სამანიშვილი.

“რაც შეეხება მეღვინეების პოზიციას, სექტორი მიესალმება, რომ კომპანიებს ყურძნის ჩაბარების ვალდებულება მოეხსნათ, თუმცა ფასის ნაწილში გარკვეული დაბნეულობა მაინც შეინიშნება. როგორც “ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოების” თანადამფუძნებელმა ზაზა ჯაყელმა აღნიშნა, ღვინის მწარმოებლები კვლავ არათანაბარ პირობებში არიან და სამომავლოდ ამაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ დიფერენცირება არ ხდებოდეს. “ყურძნის სუბსიდირების გაუქმება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. აქამდე არსებული სისტემის მიმართ ყოველთვის გამოვთქვამდი უარყოფით აზრს, რადგან მიმაჩნდა, რომ სუბსიდია და მთავრობის იმედად ყოფნა ხალხისთვის დათვური სამსახურია, რაც ადამიანებს აზარმაცებს და სხვაზე დამოკიდებულს ხდის. მე პირადად ნატურალურ ღვინოს ვაწარმოებ, არ მაქვს ის პროდუქტი, რომლის სუბსიდირებასაც ახდენენ და შეიძლება ითქვას, რომ ვიჩაგრები, მიუხედავად იმისა, რომ სიახლეს დადებითად ვაფასებ”, - ამბობს ზაზა ჯაყელი, რომელიც თვლის, რომ ფასთან დაკავშირებით დავა შეიძლება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვთვლი, რომ გარკვეული დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს... სახელმწიფო ადამიანებს უნდა სთავაზობდეს თანაბარ პირობებს, ნატურალურ ღინოს აწარმოებს თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფერმერები თანასწორ პირობებში უნდა იყვნენ. არასწორია მეწარმის და პროდუქტის გამორჩევა, მოგწონს თუ არა, ყველასთვის ერთი და იგივე პირობები უნდა იყოს. შეიძლება კომპანიების ნაწილი მომგებიან მდგომარეობაშია, მაგრამ ძვირადღირებულ პროდუქციის მწარმოებლები აშკარად არასახარბიელო პოზიციაში ვრჩებით”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ჯაყელი

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო